logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: მე მჯერა, რომ ეს წერილი მიემატება ჩვენი მეორე პრეზიდენტის მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს
- +

19 დეკემბერი. 2023. 10:09

 

 

ალბათ გახსოვთ, ვარდების რევოლუციის შემდეგ გაზეთ "ლიტერატურულ  საქართველოს" მძიმე დღეები დაუდგა. დაკარგა თავისი შენობა, რომელიც სასწრაფოდ დაატოვებინეს. დარჩა გუდიაშვილის მოედანზე ეს ულამაზესი სახლი თავისი ეზოთი სრულიად გაპარტახებული და გათახსირებული( ოთახებში განავალს ტოვებდნენ იქ ღამის გასათევებლად მისული ბომჟები, შესვლისას ცხვირში გეცემოდა შარდის სუნი. ხოდა მე, მახვილგონიერი მეძველმანე და ქაღალდების მჩხიბავი დავინტერესდი , თუ სად წაიღეს "ლიტერატურული საქართველოს" არქივი და მივადექი მის აღმატებულება ბატონ ივანე ამირხანაშვილს. მისგან გავიგე, რომ დიდი ნაწილი არქივისა განადგურდა და შენობაშიც ყრიაო დარჩენილი ნაწილიო...

 

ოხ, როგორ მომინდა იქ შესვლა, მაგრამ გამაფრთხილეს-ფრთხილად იყავიო, ჯერ ერთი- უთვალთვალებენ, წივწივაძის ხალხი არ შევიდეს და რამე პროვოკაციული არ გააკეთოსო და მეორე-შეიძლება ჩაინგრეს აივანიო, რამეთუ რაღაც საყრდენები გამოაცალესო.

 

მივედი და ვუყურებდი გარედან-

 

ეზოს კარი ღია იყო, შევედი და იქ არავინ იყო, გარდა ორი კატასი, რომლებიც ერთმანეთს საშინელი ხმით ეღრინებოდნენ.

 

ავედი ფრთხილად მეორე სართულზე და დავიწყე მიწაზე დაყრილი არქივის გარჩევა. არქივი თითქმის სველი იყო ახდილი ჭერიდან ჩამოსული წყლით, ფანჯრებიც განზრახ იყო დალეწილი, მივხვდი, რომ ყველაფერი სპეციალურად იყო მოწყობილი, რომ არავინ დაბრუნებულიყო.

 

სანამ არ დაბნელდა, ვიქექებოდი. აღმოვაჩინე უამრავი ფოტო, აღმოჩენებმა იმდენად გამიტაცა, რომ  ცხვირიც  მიეჩვია განავლის და ფსელის სუნს, ისე, რომ მეგონა რველის ტყეში ვეძებდი მიქლიო და ღვინიო სოკოებს.

 

და აი, გადავწიე გაზეთების წყება და ედუარდ შევარდნაძის წერილი ბატონ ვანოსთან და თამაზთან!

 

ბატონი ვანო ბანკის ხელმძღვანელი ჩანს. მოდი, წავიკითხოთ ეს წერილი!

 

"ბატონო ვანო, ბატონო თამაზ!

 

მე გადავწყვიტე თქვენთან გაიხსნას სპეციალური ანგარიში საპრივატიზაციო ობიექტების რეალიზაციიდან შემოსული თანხებისათვის, თქვენთვის მომსახურების ხელსაყრელი პროცენტების დაწესებით. შევეცდები სხვა საკითხებშიც დაგიჭიროთ მხარი(ისე, როგორც ყოველთვის).

 

ამასთან ერთად , გთხოვთ, "ლიტერატურულ საქართველოს" და "დილას" "მოუაროთ".

 

ეს არაა დიდი თანხა, სამაგიეროდ მიიღებთ ბანკის რეკლამის ბრწყინვალე საშუალებას.

 

იმედი მაქვს.

 

ედუარდ შევარდნაძე"

 

ეს აღმოჩენა მე მაშინ არავისათვის არ მითქვამს. არც იყო დრო ამის გამოქვეყნებისა.

 

ვინაა ბატონი ვანო და ბატონი თამაზი, ამას თქვენ თავად მიხვდებით.

 

აქ ერთია საყურადღებო და მნიშვნელოვანი: ეს წერილი თამაზ წივწივაძეს გაატანა ბატონ ვანოსთან!

 

როგორც არ უნდა ატრიალოთ ეს დოკუმენტი, თეთრზე შავად წერს-ლიტერატურულ საქართველოს და დილას მიხედეთო!

 

ვენაცვალე ყველა პოლიტიკურ მოღვაწეს, ვინც ლიტერატურულ და საბავშვო პერიოდიკას ასე უვლის!

 

მე მჯერა, რომ ეს წერილი მიემატება ჩვენი მეორე პრეზიდენტის მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს.

 

 

მე ხაზს ვუსმევ რიგითობას! თუ მესამე პრეზიდენტს ექსპრეზიდენტობას არ კადრებენ, მეორემ რა დააშავა?

 

დამაცადეთ ცოტა, აგერ ნახავთ, თუ შევარდნაძე მთაწმინდაზე არ გადაგასვენებინოთ!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner