„ევროკავშირის სივრცეში უნდა განვავითაროთ და დავიცვათ ჩვენი თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი, იდენტობა და ა.შ. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროინტეგრაცია რეალური ამომრჩევლის სიბრძნისა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად გახდა.
„როდესაც ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, ძალიან დიდი კონტექსტია გასათვალისწინებელი და არა მხოლოდ ის 12 რეკომენდაცია, რომელიც ბოლო პუნქტი იყო.
ის რეფორმები რომ არ გატარებულიყო, რაც ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა, ევროკავშირზე ოცნებაც კი შეუძლებელი იქნებოდა. როდესაც ოთხმილიონიანი ქვეყნიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს 700-800-1000 საქმე მიდიოდა წელიწადში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (დღევანდელ მონაცემებს რომ შევადაროთ, ეს 60-დან 120-მდეა წელიწადში), იქ ევროკავშირსა და ევროპულ ღირებულებებზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. როდესაც „ნაცმოძრაობის“ დროს 3-4000 $ იყო წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი, ის ძალიან შორს იყო ევროკავშირის სტანდარტებისგან. ახლა კი უკვე იმაზეა ლაპარაკი, რომ 8000$ გვაქვს წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი და 2-3 წელიწადში 10 000-ს უნდა გადავაბიჯოთ.
ადამიანის უფლებების დაცვა, არჩევნების ჩატარება და ა.შ. ეს ყველაფერი ქმნის იმ ჩარჩოს, რომელიც ევროკავშირთან გაახლოებს. ამას დაემატა ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები, ე.წ. 12 პუნქტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სტატუსი მიგვეღო. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ის, რაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა და რასაც ამდენი ხნის განმავლობაში „ხალხის ძალა“ ვამტკიცებდით, რომ ძალიან სერიოზული და რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე და ამაში მონაწილეობდა ბევრი საერთაშორისო ძალა გარედან და რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის შიგნიდან, რომლებიც მათ დაკვეთას ასრულებდნენ. ჩვენი ხალხის სიბრძნისა და ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი იყო, რომ ეს თავიდან ავიცილეთ. ამის გამო მივიღეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. შემდეგი უკვე იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა, რომელიც ბევრად შრომატევადი და ხანგრძლივი, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო იქნება.
ევროკავშირი არის სივრცე, სადაც უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები უფრო მეტად არის დაცული, სადაც 800 მილიონიანი ბაზარია, რომელშიც, როგორც თანაბარი კონკურენტი, ისე შედიხარ და ა.შ. ოღონდ, ეს არ არის სივრცე, სადაც უნდა შევიდეთ და ყველაფერი, რასაც მოგვთხოვენ, ცალ ფეხზე დგომით უნდა შევასრულოთ. ეს არის სივრცე, სადაც ჩვენი პრიორიტეტებისთვის უნდა ვიბრძოლოთ - რაღაცას დავეთანხმებით, რაღაცას - ვერ. იმ სივრცეში უნდა განვავითაროთ და დავიცვათ ჩვენი თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი, იდენტობა და ა.შ. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს თვითონ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.