საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს.
თავდაცვის მინისტრმა ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, NATO-სთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა გაძლიერებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებისა და ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის კრიტიკული მნიშვნელობა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
თავდაცვის მინისტრთან საუბრისას, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მაღალი შეფასება მისცა თავდაცვის სამინისტროსა და უწყებათაშორისი სამთავრობო გუნდის წარმატებულ საქმიანობას წლის განმავლობაში და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ხავიერ კოლომინამ საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესში ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
მის: 0112 თბილისი , გენერალ კვინიტაძის ქ. N20; ტელ.: (+995 032) 2 543535/2798
www.mod.gov.ge ; ელ.ფოსტა: pr@mod.gov.ge