logo_geo
eng_logo
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა - ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
- +

19 დეკემბერი. 2023. 15:03

 

 

ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებთან, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე.ბრიფინგზე აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

 

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მხარდაჭერისთვის. გერმანია ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს ყველა მიმართულებით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით, ჩვენ სულ ახლახანს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გილოცავთ. მინდა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გერმანიის მხრიდან, ყოველთვის ვგრძნობთ ამას. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა და ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.

 

შეთანხმების პროექტი მოიცავს, დებულებებს შემდეგ საკითხებზე. უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. შეთანხმების ფარგლებში გაცვლითი მონაცემების დაცვა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

"პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარემოებას. ეს იყო ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გერმანიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ამას, გილოცავთ. ამას გარდა ძალიან მახარებს ის, რომ ხელი მოვაწერეთ მიგრაციის შეთანხმებას, რომელიც უფრო აძლიერებს და ინტენსიურს ხდის ამ სფეროში თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რომ ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენც მოხარულები ვართ ამ

გადაწყვეტილებით, რაც ჩვენს ქვეყანაში მიღებულ იქნა, როგორც თქვენც აღნიშნეთ. ამით ხდება ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვის ხელშეწყობაც. განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმმართველობების, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან ლტოლვილთა თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რა არის მნიშვნელოვანი - ჩვენი ქვეყნებისთვის: ძალიან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა, არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მიზანმიმართული დასაქმება და განათლება, სპეციალისტებისა და მუშახელის მომზადება. ჩატარდება საინფორმაციო კამპანია რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში. გაგრძელდება მუშახელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი.

 

დიდი მადლობა ქართულ მხარეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს არის კარგი საფუძველი ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა - ნენსი ფეზერმა.

 

მინისტრებმა სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

 

ვახტანგ გომელაურმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

 

"ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა დიდ ოჯახში - ევროკავშირში კარი გაგვიხსნან პირველ რიგში უსაფრთხო უნდა იყო, თუ არ იქნები უსაფრთხო ქვეყნების სიაში, არავინ არ შეგვიშვებს. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება თავისი ვალდებულებები, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები რაც აღებული გვაქვს შევასრულოთ" - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, გერმანულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებაც ისაუბრა.

 

"მინდა ხაზი გავუსვა, ის რაც გავრცელდა რომ დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიიდან, ეს არის სრული სიცრუე, პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის, იგივე დასაქმების კუთხით, სამუშაო ვიზების გაცემა დღეს უფრო შემჭიდროვებულია, მომავალში იქნება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების ფაქტს. ნენსი ფეზერმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

 

დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ნენსი ფეზერს საქართველოში სტუმრობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner