საქართველოს პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ ეს იყო ერთგვარი ათწლიანი ანგარიში იმიტომ, რომ მოიცავდა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე გავლილ პერიოდს. როგორც ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კვალდაკვალ ხელისუფლებამ შეძლო სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური წინსვლა.
„პრემიერის ანგარიში 2023 წლის მონაცემებს მოიცავდა და სტატისტიკურადაც ძალიან საინტერესო იყო. ვისაც აღელვებს საქართველოს წინსვლა და დარგობრივ სფეროებზე გაწერილი დადებითი ციფრები, დაინტერესდებოდა და შესაძლოა ფანქრითა და ფურცლით მომარჯვებული უსმენდა პრემიერ-მინისტრს. ვისაც არ აინტერესებდა, აპრიორი, რა მონაცემებს მიაწვდიდა პრემიერი საზოგადოებას, ის ისედაც არ მოუსმენდა მას და თავიდანვე გასაგები იქნებოდა, რა შეფასებებს დაიმსახურებდა ანგარიში. ეს იყო ერთგვარი ათწლიანი ანგარიში, იმიტომ რომ მოიცავდა ევროინტეგრაციის რთულ გზაზე გავლილ პერიოდს. ეს პროცესი ნულიდან არ დაწყებულა, მაგრამ ტრიგერი, რომელმაც საქართველო მოიყვანა ევროპის საბჭოს ამ ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოხდა. ეს პერიოდი შეგვიძლია სამად დავყოთ: პირველი - უმძიმესი პერიოდი, ესაა კოჰაბიტაციის და შიდაპარტიული ღალატის პირველი ტალღა; მეორე პერიოდი - მოღალატეების მეორე ტალღა; მესამე - პოსტპანდემიის უმძიმეს პერიოდი.
როცა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კვალდაკვალ შეძლებ საქართველოში შეინარჩუნო სტაბილურობა და იმ ციფრებზე გახვალ, რა ციფრებიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გვახარა, ხელისუფლების იმ ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს, რომელსაც შეუძლია გადალახოს ნებისმიერი შიდაპარტიული კრიზისი, მიაღწიოს უდიდეს წარმატებას საერთაშორისო არენაზე, რაც არა მხოლოდ ევროკავშირთან მიღებულ შედეგში გამოიხატა, არამედ სხვა მიმართულებითაც, მათ შორის, ჩინეთთან გაფორმებულ მემორანდუმში, რომლითაც საქართველომ ფაქტობრივად განსაზღვრა თავისი ადგილი და როლი თანამედროვე მსოფლიოში,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ქვეყნის შიგნით სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად შეძლო სტრატეგიული თანამშრომლობის მიღწევა როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან.
„ქვეყანა ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას როგორც ევროპასთან, ასევე ჩინეთთან. საქართველო რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს დადებული ერთდროულად ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებთან, ჩინეთთან და ესაა განაცხადი, რომ მას შესწევს უნარი 10 წლის განმავლობაში შეინარჩუნოს მშვიდობა ქვეყანაში, მედიატორის როლი ითამაშოს მეზობლებთან, რომლებსაც ისტორიულად დაძაბული და რთული ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან და ასევე, წარმოადგინოს თავი ენერგეტიკულ ჰაბად,“ - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.