logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: რუსეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს
- +

19 დეკემბერი. 2023. 19:20

 

 

ევროპულმა საბჭომ 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა და ეს მოვლენა მთელ ქვეყანაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. საქართველოს ყველა რეგიონში ქუჩებსა და შენობებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოიფინა, თბილისში კი, თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმი გაიმართა. რას მოუტანს კანდიდატის სტატუსი საქართველოს და რამდენად რეალურია ახლო მომავალში ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება... რეპორტიორის კითხვებს ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე პასუხობს

 

- ბატონო ედიშერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან თითქმის მთელი კვირა გავიდა, ემოციები დაცხრა და ახლა, რაციონალურად და ცივი გონებით რომ გავაანაიზოთ, რას ნიშნავს სტატუსის მიღება ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენად რეალურ შანსს აძლევს ეს საქართველოს, ახლო მომავალში გახდეს კავშირის ოფიციალური წევრი?

 

- უპირველეს ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებით მიიღო ის სტატუსი, რომლის შედეგადაც თავიდან იქნა აცილებული ის დიდი უბედურება, რომელიც გარეშე  ძალების მეშვეობით, შინაურ „მეხუთე კოლონას“ ჰქონდა ჩაფიქრებული. ანუ, თუკი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებდა, მაშინ ქვეყანაში ხელისფლების ძალადობრივი გზით შეცვლის საფრთხე ჩნდებოდა და ამას „მეხუთე კოლონის“ წარმომადგენლები არც მალავდნენ, ისინი სწორედ კანდიდატის სტატუსის მიღებამ შეაჩერა! კანდიდატის სტატუსი ჩვენმა სახელმწიფომ, ქვეყნის ხელისუფლების დამსახურებით ღირსეულად მიიღო... თუკი დამაკონკრეტებინებთ, რას ნიშნავს ღირსეულად მიღებაო, აგიხსნით, რომ ეს ცალ ფეხზე ხტუნვისა და „ასკინკილას“ გარეშე მის მიღებას ნიშნავს. ღირსების მაგალითად, ბატონი პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაც შგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც მან ჟოზეფ ბორელთან ერთად გამართა და სადაც საქართველო როგორც ჭეშმარიტად სურვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოაჩინა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებლობისაკენ ისწრაფვის და შემდეგ იმ გაერთიანებისკენ, რასაც ევროკავშირი ჰქვია.

 

- რადიკალური ოპოზიცია მანიპულირებს, რომ, როგორც ისინი უწოდებენ, საქართველოს რუსულ ხელისუფლებას სტატუსის მოპოვება საერთოდ არ სურდა და იგი რეალურად ქართველმა ხალხმა და ქართულმა საზოგადოებამ მოიპოვაო. ელენე ხოშტარიამ ისეთ აბსურდულ პერსონაჟებსაც კი მიაწერა მისი მოპოვება, როგორებიც ვინმე ლაზარე გრიგორიადისი და სოფო ჭყონია არიან... ბატონო ედიშერ, ამ გადასახედიდან რომ შევაფასოთ, როგორი იყო საქართველოს ხელისუფლების როლი მთელ ამ პროცესში და შეიძლება თუ არა იმუშაოს რადიკალების ამგვარმა პროპაგანდამ საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილზე?

 

- საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ფაქტიურად შეუძლებელი შეძლო და და კანდიდატის სტატუსის მოპოვება სწორედ მათი დაუღლელი მოღვაწეობის შედეგია. არ არსებობს ამის საწინააღმდეგო რაიმე ლოგიკური არგუმენტი! „მეხუთე კოლონის“ შემხედვარეს ერთი ძველი ქართული ანდაზა მახსენდება - „ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო“. ანუ, ელენე ხოშტარია, რომლის ოჯახი ხელფასს კრემლის ხაზინიდან იღებს, რუსულ ხელისუფლებაზე რომ ლაპარაკობს, აბსურდი არაა?! აქვე მინდა ერთი შეკითხვა დავუსვა ქალბატონ ხოშტარიას - კი მაგრამ, თქვენგან გაუთავებელი ლანძღვა-გინების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი კრემლის ხაზინიდან ფულს მაინც გირიცხავთ თქვენ, მის „დაუძინებელ მტერს“, რაღას ერჩით მაშინ პუტინს, ჩემთვის გაუგებარია. ამ ლოგიკით ხომ გამოდის, რომ ის ავტორიტარი კი არა, მსოფლიოს ნომერ პირველი დემოკრატი მმართველი ყოფილა?! მოკლედ, კიდევ ერთ ქართულ ანდაზას შევახსენებ ჩვენს მკითხველს - „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“. ზუსტად ამათზე ყოფილა ნათქვამი! შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ბრიუსელში კარდაკარ დადიოდნენ, რათა ევროპელები დაერწმუნებინათ იმაში, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ. ბოლოს და ბოლოს, ამას მე ხომ არ ვამბობ, ამას თავად ყვებოდნენ, ასე რომ, დღეს მათი საუბარი არავითარ ლოგიკაში არ ჯდება, რის გამოც დაემსგავსა „ხმას მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“. ასე რომ, მათ სიტყვებს დღეს არანაირი ფასი არ აქვს და მათ აღარავინ მოუსმენს.

 

- ბატონო ედიშერ, რეალურად რას მოუტანს საქართველოს ეს სტატუსი და რამდენად არის კანდიდატობა ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა? ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით იმ ქვეყნების სია, რომლებსაც ის 15-20 წლის წინ აქვთ მიღებული, თუმცა, კავშირში მათი გაწევრიანება ამ დრომდე ვერ თუ არ ხერხდებ...

 

- ტყუილს ვერ ვიტყვი და მე ახლო მომავალში საქართველოს ევროკავშირში სრული გაწევრიანების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ეს პროცესი უპირველესად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, ანუ მსოფლიოს ახალი გადანაწილების პროცესის შედეგზე იქნება დამოკიდებული. ჩემი აზრით, ყველა სტატუსი, რომელსაც საქართველო მოიპოვებს, უმაღლეს ღირებულებებს - ქართველი ხალხის ფიზიკურ გადარჩენას, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას უნდა ემსახურებოდეს. ხბოს აღტაცება არ უნდა დაგვეუფლოს, ჩვენს ერს ზედმეტი მოლოდინები არაფერშში სჭირდება. ეს მოლოდინები ომის პარტიის ქვეყნის გარეთა და ქვეყნის შინა წარმომადგენლებმა ხელოვნურად შექმნეს, რათა საქართველოს ხელისუფლების თავზე დამოკლეს მახვილი დაეკიდებინათ, გამომდინარე იქიდან, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა არ შეუძლიათ, ერთადერთი მახვილი, რომელიც შეიძლებოდა მათ ხელთ ჰქონოდათ, იყო ევროპის მიერ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე უარის თქმა. მათ ეს მახვილი ახლა ხელიდან გამოეცალათ, თუმცა, ნახავთ, რომ სულ მალე, წინასაარჩევნოდ, ისინი ისტერიის მორიგ ტალღას ააგორებენ იმის შესახებ, თუ რატომ არ იწყებს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს. ამ თემით სპეკულირების მედროშე, დიდი ალბათობით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი იქნება. ამიტომ, ამ პერიოდისათვის, საქართველოს მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება მყარად ერთიანი უნდა იყოს, რათა სამშობლოს მოღალატე „მეხუთე კოლონა“ ასევე მყარად დამარცხდეს!

 

- თქვენ თქვით, ევროკავშირში გაწევრიანება ხაგრძლივი პროცესია და ის მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე იქნება დამოკიდებულიო... რაც უკრაინაში ომი დაიწყო, მას მერე მუშაობს პროპაგანდა, რომ თითქოს რუსეთი იქ მარცხდება, რეალურად კი, ყველამ ვიცით, რომ ეს მტკნარი სიცრუეა. თქვენი აზრით, იმ ახალ გადანაწილებაში, სადაც რუსეთი არ თმობს უკრაინას, რამდენად დათმობს საქართველოს და რამდენად დაგვიტოვებს შანსს, გავხდეთ იმ დასავლური ორგანიზაციების წევრი, რომლებსაც რუსეთი მოსისხლე მტრებად მიიჩნევს?

 

- ამ გადასახედიდან, ეს დროსა და სივრცეზე იქნება დამოკიდებული. ერთადერთი, რისი თქმაც ახლა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია, ისაა, რომ რუსეთი არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. იმედია, არ მეტყვით, კი მაგრამ, ხომ არსებობს საერთაშორისო სამართალი და ხომ ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს თავისი ბედი და აირჩიოს, რომელ ორგანიზაციაში სურს მას გაწევრიანებაო...

 

- არა, არ გეტყვით...

 

- მაშინ ვუპასუხებ მას, ვინც ასე მეტყოდა... არანაირი საერთაშორისო სამართალი დღევანდელ მსოფლიოში აღარ არსებობს, იგი გიგანტმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა პატარა ქვეყნებსა და მთელ დანარჩენ მსოფლიოს თავზე გადაახიეს! ამის მაგალითად ხომ ახლო აღმოსავლეთი და უკრაინაც გამოდგება. მაგალითისთვის ერთი ფაქტიც მინდა გავიხსენო, როდესაც ჰააგის სასამართლომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ავღანეთში საერთაშორისო ნორმების დარღვევაში დაადანაშულა. ამ უდიდესი სახელმწიფოს პრეზიდენტი კი, ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარეს აქტივების გაყინვით დაემუქრა და არაორაზროვნად მიანიშნა, „შენ როგორც გინდა, ისე არ გადაწყდება საერთაშორისო სამართალიო“. აქედან გამომდინარე თუნდაც, რომელ სამართალზე შეიძლება საერთოდ ლაპარაკი?! როგორც გითხარით, დადასტურებით ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რუსეთი ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენს NATO-ში გაწევრიანებას არაფრის დიდებით არ დაუშვებს, მაგრამ, თუკი რაიმე მექანიზმი მოინახება, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ევროკავშირის წევრები NATO-ში გაწევრიანების გარეშე გავხდებით, ამ შემთხვევაში, შესაძლოა რუსეთი საერთოდაც არ იყოს ამ მოვლენის წინააღმდეგი და, მეტიც, შესაძლოა, ეს მის ეკონომიკურ ინტერესებშიც კი შევიდეს. თუკი ჩვენ არ დავიწყებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან და ისეთივე პოლიტიკას ვაწარმოებთ მასთან, როგორსაც წინა ხელისუფლება აწარმოებდა (თუმცა, დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ იქნება!), ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ერთ დილით რომ გავიღვიძებთ, გავიგებთ, რუსის ტანკები უკვე თავისუფლების მოედანზე არიან შემოსულებიო. ისინი არც საერთაშორისო სამართალს დაექვემდებარებიან და არც დასავლეთის აღშფოთებას, შეშფოთებას თუ „გადაშფოთებას“.

 

- და ბოლოს, ბატონო ედიშერ, უკრაინელი მაღალჩინოსები კი აღარ მალავენ, რომ რუსეთი უკრაინის ნეიტრალიტეტს ითხოვდა და ეს უკანასკნელი NATO-სკენ ისტერიული სწაფვისგან რომ გათავისუფლებულიყო, ქვეყანა ამ ტრაგიკულ და სისხლიან ომს თავიდან აიცილებდა... თქვენი აზრით, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში ამ თემის წინ წამოწევას და ჩვენი სამეზობლოს მაგალითის გათვალისწინებით, უპრიანი ხომ არ იქნება, ხელისუფლება მშვიდობის შესანარჩუნებლად ამ მოდელზეც დაფიქრდეს?

 

- მე უპირველეს ყოვლისა, ვარ ისტორიკოსი და მინდა, მოვლენები სწორედ ამ გადასახედიდან შევაფასო. საკუთარი თავის და ჩვენი სახელწიფოებრიობის გადასარჩენად აუცილებელია განვიხილოთ ყველა მოდელი, რასაც არსებული რეალობა დაგვიყენებს წინ. ამ შემთხევვაში, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, არის აბსოლუტურად გამართლებული და შედეგზე ორიენტირებული. თუკი მოვლენებს 2022 წლის 24 თებერვლიდან შევაფასებთ, ნათლად დავინახავთ, რომ ირგვლივ მიმდინარე ომების ფონზე, საქართველოში შენარჩუნებული მშვიდობა არის ის შედეგი, რა შედეგზეც იყვნენ ისინი ორიენტირებულნი. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად აწარმოოს აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკა, მითუმეტეს, რომ ჩვენი ნეიტრალიტეტის გარანტი შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმიწოფო - ჩინეთი გახდეს, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამის ფიქრის საფუძველს კი, ამ უზარმაზარი ქვეყნის პრეზიდენტის, სი ძინ პინის უპრეცედენტო განცხადება  მაძლევს, რომლის მიხედვითაც, რაც არ უნდა მოხდეს, ჩინეთი თქვენს სტრატეგიულ პარტნიორად დარჩებაო. ამ სიტყვებით, ვფიქრობ, ბევრი რამაა ნათქვამი! მინდა, ერთი დეტალიც დავამატო... ვერავინ დამაჯერებს, რომ რუსს, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე შევიდა, ვინმე უკან გადაადგმევინებს ნაბიჯს. ზელენსკის ხროვამ უკრაინა გაყიდა და ქვეყანას წარმოუდგენელი მასშტაბის უბედურება მოუტანა. ის შედეგი, რა შედეგიც უკრაინაში დადგა, ამ ქვეყნისთვის კატასტორფულია! ეს კატასტროფა კი, მათ სხვის დაკრულზე „ტინგიცის“ გამო დაემართათ. დიახ, დიახ, „ტინგიცი“ იყო ის ფერადი რევოლუციები, რომლის შემდეგაც ხელისუფლება ზელენსის, არახამიას, პოდოლიაკს, არესტოვიჩსა და მსგავს ნაძირალებს ჩააბარეს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner