logo_geo
eng_logo
მომავალი წლის 1 იანვრიდან, გარკვეულ საათებში, დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება
- +

20 დეკემბერი. 2023. 11:28

 

 

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

 

პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას. წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე  მომზადებულიყო წესი საკრებულოში წარსადგენად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომსაქართველოს ბიზნეს ასოციაციასთანდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

 

ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

 

რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და .. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმაც. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე - 3 000 ლარის ოდენობით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დედაქალაქში ძალიან რთული სიტუაციაა პიკის საათებში გადაადგილების კუთხით, რასაც დიდწილად ხელს უწყობს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები. აღარ დავუბრუნდები მიზეზების ახსნას. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner