„პრაიმტაიმთან" საუბრისას ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა სოსო შატბერაშვილმა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა, სადაც მათ 12,5% მიიღეს.
შატბერაშვილის თქმით, ნათელაშვილმა თანაპარტიელები მოატყუა და დააჯერა, რომ პარლამენტში არ შესულიყვნენ. როგორც ყოფილმა „ლეიბორისტმა" აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების გამო ნათელაშვილის ანგარიშზე სერიოზული თანხები შევიდა.
„მაშინაც კარგად ითამაშა. გვითხრა, მოდით, ვთქვათ, რომ არ გვინდა პოსტები, სკამებზე ვთქვათ უარი და ამით მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვისო. დავიჯერეთ ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს საუბრობდნენ ნათელაშვილის კორუფციულ გარიგებებზე.
25 დეპუტატი გავიყვანეთ. ამის გარდა, აფხაზეთის დეპუტაცია გადმოდიოდა ჩვენთან, „მოქალაქეთა კავშირიდან" გასული რამდენიმე დეპუტატიც, ასლან აბაშიძისგანაც მოდიოდნენ და ძალიან ძლიერ ფრაქციად ვყალიბდებოდით. ეს შედეგები გაუქმდა გაყალბების გამო...
შეიკრიბა საქართველოს პარლამენტი, მართალია, გაყალბებული, მაგრამ მაინც, გარეთ კი მიმდინარეობდა სახელმწიფო გადატრიალება. ჩვენ შეგვეძლო, მაშინ შევსულიყავით პარლამენტში, კვორუმი შეგვევსო ისევე, როგორც მოიქცა „ახალი მემარჯვენეები", აგვერჩია თავმჯდომარე და 15 წუთში დავშლილიყავით. მერე მნიშვნელობა აღარ ექნებოდა, ცარიელ დარბაზში შევარდებოდა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ ამით აღვკვეთდით სახელმწიფო გადატრიალებას. ამის უფლება არაფრით მოგვცა.
მერე გავიგეთ, რომ მისი ამ გადაწყვეტილების გამო, მაშინაც სერიოზული თანხები შემოსულა ნათელაშვილის ანგარიშზე... ამის შემდეგ, როდესაც რევოლუცია მოხდა, ჩვენ აღმოვჩნდით დიდი პოლიტიკის მიღმა და ჩვენი რეიტინგიც გაცამტვერდა, ნათელაშვილს საერთოდაც არ ეტყობოდა რამე სევდა. ძალიან კმაყოფილი იყო.
ასეც იქნებოდა, რადგან თურმე მის ანგარიშზე კოლოსალური თანხები იდებოდა. ერთხელ მისმა შინამოსამსახურემ ისიც კი გვითხრა, სახლის დალაგების დროს, ბელა ალანიას გახსნილ ჩანთაში ჩავიხედე და 900 ათასი ფრანგული ფრანკის ჩეკი დავინახეო", - აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.