სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დაბლოკავს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"ჩვენ არჩევნებამდე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის პრობლემა იქნება, თუ საუბარია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. მე ეს ვთქვი ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: რათა სიურპრიზები არ იყოს, მე ვლაპარაკობ იმ პარტიის სახელით, რომელიც დომინირებს სლოვაკეთის მთავრობაში. ჩვენ არ დავეთანხმებით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რადგან ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი", - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
"მე მჯერა, რომ ეს არასდროს მოხდება. სანამ მე მაქვს სლოვაკეთის პოლიტიკურ სცენაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, გამოვიყენებ ვეტოს უფლებას ასეთ გადაწყვეტილებაზე", - დასძინა მან.