"ევროინტეგრაციის პროცესი საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსეა," - ამის შესახებ ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს არამარტო საქართველომ, არამედ იმ ქვეყნებმაც გამოცადეს საკუთარ თავზე, რომლებიც ორგანიზაციას ბოლო პერიოდში შეუერთდნენ. მისივე თქმით, შარშანდელი გადაწყვეტილება, როდესაც საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღო, იმედგაცრუების მომტანი იყო, თუმცა მთავრობას მიზნის მისაღწევად შრომა არ შეუჩერებია.
„ჩვენ ერთი წუთი არ დაგვიკარგავს, იმისთვის რომ გაგვეგრძელებინა ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგი. ეს პროცესი დღესაც გრძელდება და მიღწეულ შედეგში არის უზარმაზარი წვლილი თითოეული საჯარო მოხელის, თითოეული დიპლომატის და მინდა ყველა მათგანს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული ძალისხმევისთვის და მივულოცო ეს შედეგი, რადგანაც ეს ყველას გამარჯვებაა“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრმა მმართველი გუნდის ოპონენტების განცხადებებიც გაიხსენა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს პროცესს ხელს უშლიდა.
„სამწუხაროდ, მათ ვერ გადალახეს ეს ბარიერი, ვერ გამოვიდნენ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან და შეგნებულად თუ შეუგნებლად ხელს უშლიდნენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. საბედნიეროდ, დღეს გვაქვს კონკრეტული შედეგი - საქართველომ უმნიშვნელოვანესი ფაზა დახურა, საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და გადავედით ბოლო ფაზაში, როდესაც პირველ რიგში უნდა გავაგრძელოთ ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი, დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და საბოლოოდ მივიყვანოთ ეს ისტორიული მისია საბოლოო ეტაპამდე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, რადგან ჩვენ გვჯერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის. ჩვენ გვინდა, რომ აღვასრულოთ ისტორიული მისია, რომელიც დაგვავალა ჩვენმა ხალხმა და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, - განაცხადა მინისტრმა.