ილია დარჩიაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია მმართველი გუნდის ოპონენტების უარყოფითი განცხადებები საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებასთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაცემაში „იმედი LIVE“ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა პეკინთან 60-მდე ქვეყანას აქვს გაფორმებული, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს გეოგრაფია აძლევს მას საშუალებას დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი.
„ეს ტრადიციულად უპასუხისმგებლო განცხადებები იყო, რომელიც აზიანებდა ქვეყანას. თუმცა, ჩვენ ნამდვილად არ ვსაზღვრავთ ჩვენს დღის წესრიგს მათი კრიტიკის შესაბამისად. ჩვენ ვახორციელებთ იმ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება ჩვენს ხალხს, რომელიც კარგია ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ჩინეთს სტრატეგიული პარტნიორობა აქვს ევროკავშირის წევრ ძალიან ბევრ ქვეყანას. ახლახან ვნახეთ მაღალი დონის დიალოგი ევროკავშირსა და ჩინეთს შორის, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე ორმხრივი დიალოგი, რომელიც სულ ახლახან გაიმართა. შესაბამისად, ჩვენ არ გვეშინია ჩვენი ოპონენტების უსაფუძვლო და ხშირ შემთხვევაში უპასუხისმგებლო კრიტიკის.
ჩვენ გვაქვს მიზანი - შევასრულოთ ჩვენი ხალხის მთავარი დაკვეთა: ერთი მხრივ ამ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და კეთილდღეობა, მეორე მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ვითარდებოდეს, რომელიც პირდაპირ ეფექტს ახდენს თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურობაზე და ჩვენ ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.