"ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებით გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონში განვითარების პარალელურად ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა.
„მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა ჩვენი ქვეყანა სულ ცდილობდა შუამავლის როლი შეესრულებინა ჩვენს ორ მეზობელს შორის, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული კონფლიქტის პირობებში. მინდა, მოქალაქეებისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რაოდენ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამ ურთიერთობებში. ჩვენ გვახსოვს მისი მონაწილეობითა და ჩართულობით კონკრეტული, ორივე ქვეყნისთვის ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევა. ჩვენს მოქალაქეებს ახსოვთ, რომ უკვე ამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის შემდეგ ჩვენ საქართველოში ვუმასპინძლეთ ორ საგარეო საქმეთა მინისტრს და ამით დაიწყო დიალოგი, საქართველო გახდა ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა ამ სამშვიდობო მოლაპარაკებების. ჩვენი სიძლიერე ამ პროცესში არის ის, რომ ჩვენ არანაირი წინაპირობები არ გვაქვს ამ ურთიერთობებში. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებით გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში. შეიქმნა ასევე სხვა ფორმატებიც. ჩვენ მივესალმებით ამ ფორმატებს, მთავარია, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი იყოს მიღწეული. რეგიონში განვითარების პარალელურად ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ძალიან მოხარული ვართ, რომ სულ ახლახან გავრცელდა ერთობლივი განცხადება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფისისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ ძალიან მალე ორივე მხარე შეძლებს და საბოლოო ჯამში გვექნება შედეგი, რომ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა სამშვიდობო მოლაპარაკებას, რომელიც ახალი იმპულსი იქნება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.