თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოელის, რომ კონგრესი უკრაინისათვის დამატებით დახმარებას იანვარში დაამტკიცებს.
ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ თეთრმა სახლმა და "რესპუბლიკური" პარტიის წარმომადგენლებმა მიაღწიეს პროგრესს მექსიკასთან საზღვრის გაძლიერების შესახებ მოლაპარაკებებში.
"გარკვეული პროგრესი მიღწეულია, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, ამ მომენტისთვის აშშ-ის ხელისუფლებას დარჩა სახსრები სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გამოსაყოფად. ამის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერა მხოლოდ კონგრესის დამტკიცებით იქნება შესაძლებელი.
"ჩვენ გვინდა ეს დაფინანსება რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ. როგორც ჩანს, ეს მოხდება იანვარში, მაგრამ რაც უფრო ადრე, მით უკეთესი", - დასძინა მან.