logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: როცა ნათელაშვილის წინააღმდეგ საქმე შპიონაჟის გამო აღიძრა, ის ერთ-ერთ მაღალჩინოსნის სახლში იმალებოდა
- +

12 სექტემბერი. 2016. 17:04



ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა სოსო შატბერაშვილმა „პრაიმტაიმთან" საუბრისას შალვა ნათელაშვილზე 2007 წელს შპიონაჟის ბრალდებით აღძრულ საქმეზე ისაუბრა და განაცხადა რომ იმ დროს, როდესაც პროკურატურამ  შპიონაჟში ბრალი დასდო ნათელაშვილს, ის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის სახლში იმალებოდა.


 

„როცა მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, ნათელაშვილი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ძალოვნის სახლში იმალებოდა.  ამ დროს ოპოზიცია პრეზიდენტობის კანდიდატს ასახელებდა. ვუთვლიდი შალვას, გამოდი, წარადგინე შენი კანდიდატურა და იმუნიტეტი გექნება-თქო. არაფრით არ ქნა.

 

 ამ დროს პროკურატურიდან მოვიდნენ ჩვენთან, გვარიც მახსოვს - დათაშვილი იყო. გადმოგვცა, გამოეყავით „გაერთიანებულ ოპოზიციას", ცალკე დააყენეთ პრეზიდენტობაზე კანდიდატურა და ჩვენ შალვა ნათელაშვილს გავათავისუფლებთო.

 

ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვიკითხე, ვინ უნდა იყოს ეს კანდიდატი, შალვას გარდა-მეთქი. შენ დააყენეო, რაზეც სასტიკი უარი მიიღეს. ამის შემდეგ ნათელაშვილმა შემომითვალა, დატოვე „გაერთიანებული ოპოზიციაო". ასეც მოვიქეცით. ისევ მოვიდა დათაშვილი და გადმოგვცა დადგენილება, რომ ნათელაშვილი იყო თავისუფალი. იმავე საღამოს, ერთ საათში ტელევიზიით გამოდის სააკაშვილი და აცხადებს: ნათელაშვილს შეუძლია გამოვიდეს სარდაფიდან და კენჭი იყაროს პრეზიდენტადო. მართლაც გამოჩნდა და დააყენა საკუთარი კანდიდატურა პრეზიდენტად. ესეც გარიგება ყოფილა იმისთვის, რომ „გაერთიანებული ოპოზიცია" დაშლილიყო. მაინც ვერ ვიჯერებდით, რომ გარიგებასთან გვქონდა საქმე, რადგან სიტყვით ის დღე და ღამე სააკაშვილის გინებაში იყო.

 

 მე და რამდენიმე ლიდერს უკვე გვინდოდა პარტიის დატოვება, მაგრამ არ გავაკეთეთ, რადგან წინასაარჩევნოდ ეს პარტიის კოლაფსს გამოიწვევდა და მისი მარცხი არჩევნებში მთლიანად ჩვენ დაგვბრალდებოდა. ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სიაში აღმოჩნდა პიროვნება, რომელიც იყო ვანო მერაბიშვილის ნათესავი, გვარად თედორაძე. ის ადრე ჩვენი პარტიიდან გავრიცხეთ ნაციონალებთან თანამშრომლობის გამო. როდესაც ამ პიროვნების სიაში აღმოჩენაზე დავსვით კითხვა, ნათელაშვილმა გვითხრა, ის არის სერიოზული ბიზნესმენი, სამხრეთ საქართველოს გაზიფიკაციის ხელმძღვანელი და ის დაგვიფინანსებს საარჩევნო კამპანიასო. ასეც მოხდა - უცებ პარტიის ანგარიშებზე გაჩნდა სერიოზული შემოწირულობები, სხვა გვარებით", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner