პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პეტრ კუბერნატს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე.
„საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, ჩეხეთის მხრიდან აქვს ძლიერი მხარდაჭერა, რისთვისაც მადლობა გადავუხადე ბატონ პეტრ კუბერნატს. ელჩმა მითხრა, რომ ჩეხეთი მომავალშიც მზად იქნება გაგვიზიაროს თავისი გამოცდილება, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაგვეხმარება. ვისაუბრეთ იმ პროექტებზეც, რომელსაც ჩეხეთის სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით საქართველოში ახორციელებს და ბატონმა ელჩმა გამოხატა მხარდაჭერა პროექტების გაგრძელებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი ქვეყანა განაგრძობს დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.