2024 წლის 2 მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას AUSTRIAN AIRLINES დაიწყებს და პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით განახორციელებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, უკვე ვხედავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პირველ შედეგებს, რამაც ხელი შეუწყო მთელი წლის განმავლობაში ავსტრიის ავიახაზებთან მოლაპარაკების საბოლოო ეტაპის წარმატებით დასრულებას.
,,მოხარულები ვართ, რომ 2023 წელს მოგზაურებისთვის კიდევ ერთი პოზიტიური სიახლით ვასრულებთ. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავსტრიის ავიახაზებთან, რასაც ხელი შეუწყო ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სატატუსის მოპოვებამ. ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის. ავსტრია არის ერთ-ერთი მოთხოვნადი ბაზარი ჩვენთვის, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის. მხოლოდ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებმა პირდაპირი საჰაერო გზით ვენიდან 68,021 მგზავრი მიიღო. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ჩვენი აეროპორტების დივერსიფიკაციასა და მგზავრების სეგმენტაციაზე. AUSTRIAN AIRLINES-ი, Georgian Airways-ისა და Wizz Air-ის შემდეგ მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოსა და ავსტრიის დედაქალაქებს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირებს. ავიაბილეთების გაყიდვა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.austrian.com ) დღეიდან ხელმისაწვდომია,-‘’ განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის თქმით, ვენა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და საინტერესო ბაზარს როგორც ტურისტული, ისე ბიზნეს მოგზაურობისთვის.