გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
„მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამის ფარგლებში, 1500-ლარიანი სტიპენდიით საქართველოს 8 უნივერსიტეტიდან გარემოსდაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვდა. საქართველოს 6 უნივერსიტეტიდან და 14 პროფესიული სასწავლებლიდან აგრარული მიმართულების 32 სტუდენტი 500, 1000 და 1500-ლარიანი სტიპენდიებით დაჯილდოვდა.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ „მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს, ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის უწყებებში.
დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი და თენგიზ ნასარიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელი ხათუნა ზალდასტანიშვილი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამის ოფიცერი ლელა მამრიკიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი და უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები.