"ჩვენი ხელისუფლება ხაზგასმით და ნათლად ადასტურებს, რომ განათლება და მეცნიერება ნამდვილად პრიორიტეტია და შესაბამისად, 2024 წელს ბიუჯეტის 25%-იანი ზრდა გვაქვს, ნახევარი მილიარდი ლარით იზრდება ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ამ თანხების უდიდესი ნაწილი მოხმარდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას. მეორე და მნიშვნელოვანი ნაწილი - ეს არის დამსახურებული, ნამდვილად გმირი პედაგოგებისთვის ხელფასის უპრეცედენტო ზრდა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს.
„ჩვენ ახლა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების პარალელურად ცალკე შევიმუშავეთ სახელფასო პოლიტიკა და წინსწრებით, ავანსად, ნებისმიერი სტატუსის მასწავლებელს ყველას უნდა ჰქონდეს ღირსეული ანაზღაურება. 2024 წლის 1-ელი ივლისიდან, ბაზაში აისახება ახალი სახელფასო ფორმულა“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.