„ოპოზიცია კვლავ ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლება და ამ თავის რუსულ ბალალაიკაზეა ჩამოკიდებული. ოპოზიცია დღეს სხვა, რაიმე პოზიტიურის თქმას ვეღარ მოახერხებს“, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილის კომენტირებისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ინტრიგა არის ჩადებული. გასულ წელს, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს - არა, ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო. არანაირ ობიექტურ საზომზე არ იყო ეს გადაწყვეტილება დამოკიდებული. იყო გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლის ახსნა ევროკავშირში ვერავინ მოახერხა.
ეს პროცესი არის უკვე დაწყებული, როდესაც ოპოზიცია კვლავ ამბობს, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება და ამ თავის რუსულ ბალალაიკაზეა ჩამოკიდებული. ოპოზიცია დღეს სხვა, რაიმე პოზიტიურის თქმას ვეღარ მოახერხებს. ისევ დაიწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ რაღაც სიმბოლური თემა მოძებნონ და ეს გახადონ რევოლუციის მოწყობა-არ მოწყობის ათვლის წერტილად“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 21 დეკემბერს წერილი გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება, უკვე დაწყებულია. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა აქვს, რაც არჩევნების პერიოდში არეულობას გულისხმობს.