გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლით სხდომაზე კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში მოისმინეს. კომიტეტის სხდომა, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაში გაიმართა.
კომიტეტის წევრებს ანგარიში მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გააცნო. მისი განცხადებით, ანგარიში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის პარიზის შეთანხმების შესაბამისად მომზადდა და მასში ასახულია 2021-2023 წლის ივნისის მდგომარეობით სამოქმედო გეგმის შესრულების ინფორმაცია.
მომხსენებელმა სამოქმედო გეგმის მიზნებზე, ამოცანებსა და აქტივობებზე ვრცელი მოხსენება წარადგინა და ყურადღება მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პროგრესზე გაამახვილა. ნინო თანდილაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმის ორწლიანი ანგარიში პირველი დოკუმენტია, რომელიც 2030 წლის სტრატეგიიდან გამომდინარე მომზადდა.
კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ მინისტრის პირველ მოადგილეს წარდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ვცდილობთ სწრაფად დავეწიოთ იმ საერთაშორისო პროცესებს, რომლის ნაწილიც ვართ. ხელისუფლება საერთაშორისოდ ნაკისრ ვალდებულებებს ეტაპობრივად ასრულებს და თანამედროვე სტანდარტებს და მიდგომებს ამკვიდრებს. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ისეთ კანონებს, რომლებიც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
კომიტეტმა კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში ცნობად მიიღო.