„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც „საინტერესო“ რბოლას“ უწოდებს მოცემულობას, რომლის თანახმადაც ევროინტეგრაციის პროცესში წარმატებისთვის საქართველო უკრაინასა და მოლდოვას უნდა დაეწიოს.
„დავუბრუნდეთ „სალომე ზურაბიშვილის თასის" გათამაშებას საქართველოს მიერ უკრაინისა და მოლდოვას დაჭერობანაში. ერთადერთი, წინასწარვე უნდა გავარკვიოთ - ვის რა „ფორა" გააჩნია ამ „საინტერესო" რბოლაში.
არბიტრად მოვიშველიოთ საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International, ხოლო შეჯიბრის სახეობად კორუფცია ავიღოთ. აღნიშნულ კატეგორიაში მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის, უკანასკნელი კვლევებით, უკრაინამ დაიკავა 116-ე ადგილი. ეს არის მისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა. ჯერ კიდევ 2012 წელს, 174 ქვეყანას შორის უკრაინას ეკავა 144-ე ადგილი.
ამ კომპონენტში, მოლდოვას, რა თქმა უნდა, უკრაინაზე უკეთესი ადგილი უჭირავს, ის 91-ე ადგილზეა.
რაც შეეხება „მესამე ადგილზე“ მყოფ „ჩამორჩენილ“ საქართველოს, 180 ქვეყანას შორის ის იკავებს 41-ე (სიმბოლურ) ადგილს. რაც შეეხება ამ მონაცემების დინამიკას, 2012 წელთან შედარებით (51-ე ადგილი) საქართველომ აშკარად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები. საკითხავი კი მხოლოდ ერთია - საკუთარ სახელმწიფოს ისეთი რა „არმაგედონი“ უნდა დამართო, რომ კორუფციის ინდექსის მიხედვით, ან მოლდოვას დავეწიოთ, ან მით უმეტეს უკრაინას? ქალბატონ სალომესგან ამ შეკითხვაზე პასუხის მიღება, ძალიან საინტერესო იქნებოდა...“ - წერს დავით ქართველიშვილი.