“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებისგან არ ველი, რომ ეს იქნება ის პროცესი, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და ისინი ამ პროცესში კეთილსინდისიერად იქნებიან ჩართული”, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
მან კომენტარი „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ წერილში მოყვანილ ოპოზიციის გეგმებზე გააკეთა.
„ამ დრომდე რაც ვნახეთ, ოპოზიციას მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდათ და ამოძრავებდათ.ეს იყო ამ პროცესის ბრძოლის ინსტრუმენტად ქცევა და იმგვარად გამოყენება, რომ დაეზიანებინა, სამწუხაროდ, საქართველოს ინტერესები. შესაბამისად, თუ ისინი არ იფიქრებენ, შეცვალონ სტრატეგია და იმავენაირად გააგრძელებენ, არ მოველი, რომ ეს იქნება ის პროცესი, რაც დღეს საქართველოს სჭირდება და ისინი ამ პროცესში კეთილსინდისიერად იქნებიან ჩართული“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 21 დეკემბერს წერილი გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება, უკვე დაწყებულია. მოძრაობაში აცხადებენ, რომ ოპოზიციას კონკრეტული გეგმა აქვს, რაც არჩევნების პერიოდში არეულობას გულისხმობს.