ირლანდიის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს დიასპორის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტთან, სამეცნიერო დიასპორულ ორგანიზაციის ,,Diaspora Matters’’ წარმომადგენელთან პროფესორ კინგსლი თომას აიკინსთან.
ბექა ოდიშარიამ კინგსლი თომას აიკინსს მადლობა გადაუხადა დიასპორული საკითხების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის და გაწეული რეკომენდაციებისთვის.
„ჩემი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში, კომიტეტის სხდომაზე მოგიწვიეთ. თქვენი წინადადებების გათვალისწინებით, ჩავატარეთ დიასპორისა და მიგრაციული პროცესების მრავალი კვლევა და სიღრმისეული შესწავლა. ასევე, თქვენი რეკომენდაციით, ICMPD-ის დახმარებითა და პროფესორ მარტინ რასელის ავტორობით, 2023 წელს ჩავატარეთ მნიშვნელოვანი თემატური მოკვლევა დიასპორის ჩართულობის და დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით“ ,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
კინგსლი თომას აიკინსმა დელეგაციის წევრებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და გამოთქვა მზაობა საქართველოს ხელისუფლებას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება დიასპორასთან უფრო ეფექტიანი ურთიერთობებისა და დიასპორის სახელმწიფოს აღმშენებლობაში აქტიურად ჩართვის საკითხებში. მისი განცხადებით, საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი, რადგან ბევრი წარმატებული ქართველი მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.
ქართული დელეგაციის წევრებმა, აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დიასპორას უდიდესი პოტენციალის მქონე შესაძლებლობად განიხილავს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის აღმშენებლობაში. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა დიასპორის ცოდნის და შესაძლებლობების გამოყენებაზე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა, მადლობა გადაუხადეს კინგსლი თომას აიკინსს და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.
ბექა ოდიშარიამ პროფესორი კინგსლი თომას აიკინსი დიასპორის დიდ ეკონომიკურ ფორუმზე მოიწვია, რომელიც მომავალი წლის მაისში, თბილისში იგეგმება.