„ყველა არის მისი სახელის ხსენების ღირსი, ვინც მის საქმეს არ უღალატა და მის ფასეულობებს იზიარებდა და იზიარებს. ბოლოში კიდევ ვიტყოდი, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ზვიადი დააკლდა საქართველოს და თავისთავად, როგორც ზემოთ ვახსენე, დაგვაკლდა ჩვენ“, - ამის შესახებ პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს.
„30 წელი სრულდება, რაც ზვიადი ამ ქვეყანაზე აღარ არის. თავისთავად, 31 დეკემბერს არ გადაწყვეტილა მისი ფიზიკური განადგურება, გაცილებით ადრე გადაწყდა ეს ყოველივე. მანამდე წინ უძღოდა 91-92 წლების სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება, სადაც რუსეთის იმპერიამ, მაშინდელი მსოფლიო პოლიტისტაბლიშმენტის კვერის დაკვრით, ყელი გამოჭრა ქართულ სახელმწიფოს და მისი დინამიური განვითარების პერსპექტივას. ამან მოიტანა უამრავი რამ, სამოქალაქო დაპირისპირება, მახინჯი პოლიტიკური დღის წესრიგი, დაუსჯელობის სინდრომი, კრიმინალი, კორუფცია და ა.შ. დეკემბრის მოვლენების შედეგებს, მოკავშირის მემკვიდრეების სახით, ვიმკით დღესაც, რომელიც პუტჩისტური სულისკვეთებით გაჯერებული ნაცმოძისა და ე.წ. ვითომ ლიბერალების სახითაა წარმოდგენილი. ეს უკანასკნელნი, დღემდე სდებენ ბრალს ზვიადს, რაიმე სახის შუღლისა და ეთნიკური დაპირისპირების გაღვივებაში. რაც შეეხება თვითონ ზვიადს, თავისთავად, დაგვაკლდა ოჯახს, კერძოდ ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ცხოვრება ისე თავბრუდამხვევად წარგვემართა იმ წლებში (ცუდი გაგებით), რომ გლოვის თავი კი არა, გააზრების საშუალებაც არ გვქონდა. მე და ცოტნე, ჩეჩნეთის ომს, სადამდეც ძალა გვეყო შემოვრჩით (არც გაგვიაზრებია ჩვენზე ლუკმის გამყოფი ძმები გასაჭირში დაგვეტოვებინა), კოკოს ცოტა ადრე მოუწია ქვეყნის დატოვება და მიუხედავად მისი ძალისხმევისა, ვერ მოახერხა, რომ ჩვენთან ყოფილიყო იმ წლებში. მერე იყო საქართველოში დაბრუნება ამ ყველაფრის მერე, გააზრება იმისა, რა დავტოვეთ და რა დაგვხვდა. რა ნაბიჯებიც გადავდგი და ჩავდექი ქვეყნის სამსახურში, დრო რომ დაბრუნდეს, ზუსტად იმავეს ვიზამდი. ცოტნეს ცოტა სხვარიგად მოუწია მისი ცხოვრების წარმართვა და ასევე მასაც და კოკოსაც არ ვამტყუნებ და წლების მერეც მათ იმ პერიოდის ნაბიჯებს ვამართლებ ბოლომდე. რა მინდა ვთქვა, დაიწყება ზვიადის გარდაცვალების 30 წლისთავისათვის, მისი სახელის ათას ბრუნვაში ხსენება, არიქა და იქნებ ვინმე უღირსმა, რაიმე ქულა წაცინცლოს მის სახელს, მაგრამ ერთს ვიტყვი, ყველა არის მისი სახელის ხსენების ღირსი, ვინც მის საქმეს არ უღალატა და მის ფასეულობებს იზიარებდა და იზიარებს. ბოლოში კიდევ ვიტყოდი, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, ზვიადი დააკლდა საქართველოს და თავისთავად, როგორც ზემოთ ვახსენე, დაგვაკლდა ჩვენ“, - წერს გიორგი გამსახურდია.