შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირასთან“ პარლამენტის წლიური საქმიანობა შეაჯამა. პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის მთავარ საკითხად კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებული პროცესი დაასახელა და აღნიშნა, რომ დეპუტატებმა კანონმდებლობის დასახვეწად ასამდე კანონი მიიღეს.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს სტატუსი უფრო ადრეც ეკუთვნოდა, თუმცა უარის შემდეგაც ქვეყნის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა რომ კიდევ ერთი უარი თავიდან აეცილებინა.
„საქართველოს ხელისუფლება აღმოჩნდა მართალი, ხოლო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის პრეზიდენტიც, რომელიც სამწუხაროდ ბევრ ნეგატიურ პროცესში იყო ჩართული, აღმოჩნდნენ მტყუანი საქართველოს ისტორიასა და ქართველი ხალხის წინაშე.
ჩანდა, რომ საქართველო შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და იყო ყველანაირად მზად, იმისთვის რომ მიეღო სტატუსი. მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიციის ძირითადი პოლიტიკური ხაზი, რომელსაც შემდეგ დაემატა სალომე ზურაბიშვილიც, გადიოდა იმაზე, რომ საქართველო წარმოეჩინათ მაჩანჩალად უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია ჰერცეგოვინასთან შედარებით, ეთქვათ რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ [სტატუსს], ვართ ცუდი ქვეყანა, ცუდი ინსტიტუციებით, ცუდი სამართლებრივი ჩარჩოთი. ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირმა ყური უგდო ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას და არა სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.