სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობით გაიმართა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეშვიდე სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წევრი უწყებების პირველმა პირებმა.
შეხვედრა კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა შეაფასა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება და ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით კომისიის წევრი უწყებების მხრიდან მუდმივი კოორდინაციისა და ჩართულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ისაუბრა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე.
გრიგოლ ლილუაშვილი: „ჩვენი საქმიანობა კონტრტერორისტული მიმართულებით ხაზგასმულია მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობა გასული წლების მსგავსად დადებითად შეფასდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უკანასკნელ ანგარიშში. აღნიშნულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩვენს ქვეყანას შესწევს ტერორისტული ინციდენტების გამოვლენის, შეკავების, მათზე რეაგირების უნარი და საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად არის მიჩნეული.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს შესაძლებლობები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ასევე, მნიშვნელოვანია „ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ 2023 წელს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში, სადაც, ტერორიზმის გავლენის კრიტერიუმით შეფასებისას, საქართველომ ბოლო ადგილი დაიკავა, რაც ნიშნავს, რომ ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, საქართველო უსაფრთხო ქვეყანას წარმოადგენს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა სხდომის მონაწილეებს წარუდგინა კომისიის წევრი უწყებების აქტიური ჩართულობით მომზადებული კონტრტერორისტული სტრატეგიის 2022-2026 წლების სამოქმედო გეგმის 2023 წლის შესრულების ანგარიში-პრეზენტაცია. კომისიის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმპლემენტაციის პროცესის, განხორციელებული აქტივობების, მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. მთლიანობაში, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების მეორე წელი კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მომდევნო წელი იქნება მეტად აქტიური და მნიშვნელოვანი აქტივობებით დატვირთული.
სხდომაზე კონტრტერორისტული ცენტრის უფროსმა ბაჩა მგელაძემ მონაწილეებს გააცნო ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული გარემო და სამსახურის მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, 2023 წლის განმავლობაში ჩატარებული მნიშვნელოვანი კონტრტერორისტული ოპერაციები.
სხდომაზე სათანადო დრო დაეთმო კომისიის წევრთა შორის დისკუსიას კომისიის საქმიანობის შემდგომი ნაბიჯების თაობაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უწყებათაშორისი კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებაზე. სხდომის ფარგლებში მონაწილეებმა წარმოადგინეს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების სამომავლო ხედვები.
სხდომის დასასრულს, კომისიის წევრებმა და მიწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს კომისიის მუშაობა და კენჭისყრის შედეგად, ერთხმად მიიღეს კომისიის სხდომის შემაჯამებელი დოკუმენტი. გრიგოლ ლილუაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა უწყებას 2023 წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად გაწეული სამუშაოსთვის.