მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განცხადება გააკეთა და თავდაცვის უწყების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიასა და დეზინფორმაციულ გზავნილებს გამოეხმაურა. ჯუანშერ ბურჭულაძემ მედიასა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ხარისხის ფორმებთან დაკავშირებით, რომელსაც „დელტას“ ბაზაზე მოქმედი საწარმო „დელტა ტექსტილი“ საქართველოში აწარმოებს და ქართულ ჯარს ამარაგებს:
„დელტა ტექსტილის“ ფუნქციონირება გამჭვირვალე პროცესია, შეგიძლიათ გამოითხოვოთ, ციფრები, მათი წარმადობა ორჯერ გაიზარდა და წელს მათი ბრუნვა სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი იქნება. დასაქმებულთა რაოდენობა 250-დან 500 ადამიანამდე გაიზარდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ უნიფორმებზე, კვების ხარისხსა და მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე გაამახვილა: „შედეგი ყოველთვის აღნიშნავს იმას, თუ როგორია კონტროლი. კონტროლის მექანიზმები რომ არ გაგვეძლიერებინა, ბუნებრივია, ასეთ შედეგს ვერც კვების და ვერც უნიფორმების მიმართულებით მივაღწევდით. კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ეს არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ასეთი მაღალი ხარისხი მივიღეთ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელმაც საზოგადოებას კონტროლის შიდა და გარე მექანიზმებიც გააცნო, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემაში ცნობილი სტანდარტის, ISO სერტიფიკატის სახით მოქმედი კონტროლის ინსტრუმენტი.