ფრონტის ხაზზე უკრაინული ძალები საარტილერიო ჭურვების დეფიციტს განიცდიან, რის გამოც ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაგეგმილი შეტევები გააუქმა, - წერს ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი უკრაინელ ჯარისკაცებთან საუბარზე დაყრდნობით სტატიაში სათაურით დასავლეთის დახმარების შეფერხების გამო, უკრაინულ ძალებს საარტილერიო ჭურვები არ ჰყოფნით.
გაზეთი აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება იწვევს შიშს, თუ რამდენ ხანს შეძლებენ უკრაინული ძალები თავიანთი პოზიციების შენარჩუნებას რუსეთის მიმდინარე თავდასხმების ფონზე.
"საბრძოლო მასალის დეფიციტი უკრაინის დედაქალაქში ისედაც საგრძნობ შფოთვას ამძაფრებს", - წერს გაზეთი The Washington Post-ი.
128-ე საიერიშო ბრიგადის წევრმა, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქში იბრძვის, The Washington Post-ს განუცხადა, რომ "ჩვენს არტილერისტებს თითოეული სამიზნისთვის ჭურვების ლიმიტი ეძლევათ".
"ბიჭები დაიღალნენ, ძალიან დაიღალნენ. ისინი კვლავ მოტივირებულნი არიან. გვესმის, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს. მაგრამ ომს მხოლოდ მოტივაციით ვერ მოიგებ. უნდა გქონდეთ რაიმე სახის რიცხობრივი უპირატესობა და შეიარაღებითა და იარაღის სისტემებით, [ვითარება] მხოლოდ უარესდება. რამდენ ხანს შეგვიძლია გავძლოთ? ძნელი სათქმელია, მაგრამ დიდხანს [ასე] ვერ გაგრძელდება. ეს ყველას ესმის", - განაცხადა უკრაინელმა ჯარისკაცმა.
31 წლის არტემი, 148-ე საარტილერიო ბრიგადის არტილერისტი აცხადებს, რომ მისი ქვედანაყოფი ახლა დღეში მხოლოდ 10-დან 20-მდე ჭურვს ისვრის, მაშინ როდესაც ადრე იყენებდა საშუალოდ 50 ჭურვს.
"თუ სიტუაცია არ შეიცვლება, ან თუნდაც გაუარესდება, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ ჩახშობას და უკან დაგვახევინებენ", - აღნიშნა მან.
როგორც The Washington Post-ი აღნიშნავს, ფრონტზე განლაგებულმა უკრაინელმა ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ მათ არ დაუფიქსირებიათ რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთი საარტილერიო ჭურვების მსგავსი დეფიციტის წინაშე დგას.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი იძულებული გახდა საგრძნობლად შეენელებინა საბრძოლო მასალის წარმოება უკრაინაში შეჭრიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, მან შემდეგ მოახერხა დასავლეთის მკაცრი სანქციებისa და ექსპორტის კონტროლის გვერდის ავლა და სამხედრო წარმოების განახლება", - ნათქვამია სტატიაში.