უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი უკრაინაში მიმდინარე სამობილიზაციო ღონისძიებებს გამოეხმაურა.
მანამდე უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინაში სამობილიზაციო ღონისძიებები გრძელდება და უკვე შესულია 500 ათასი სამხედრო მოსამსახურის მობილიზების მოთხოვნა.
"უკრაინის მთავრობა გრანდიოზულ ექსპერიმენტს ატარებს 500 ათასი მობილიზებული ადამიანის გასაწვევად. იძულების ზომებს შორისაა საკონსულო და საბანკო მომსახურების შეზღუდვა, ხოლო გაფართოების ღონისძიებებს შორის - პატიმართა გაწვევა. შეგახსენებთ, რომ როდესაც რუსეთმა იგივე გადაწყვეტილებები მიიღო წელიწადნახევრის წინ, ჩვენ ყველანი დავცინოდით მათ. ახლა, როდესაც აქაც იგივე ზომების შემოღება ხდება, სიცილი ნაკლებადაა", - აღნიშნა არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისი თქმით, ომი სისტემების შეჯიბრია, ხოლო რუსეთს აქვს მათრახი [მკაცრი ადმინისტრაციული სისტემა] და თაფლაკვერი [ბევრი ფული ჯარისკაცებისთვის გადასახდელად].
"უკრაინას აქვს სუსტი სახელმწიფო, ანარქიისკენ მიდრეკილი საზოგადოება და დასავლეთზე სრული ფინანსური დამოკიდებულება. მობილიზების უნარი არის სახელმწიფოს სიცოცხლისუნარიანობის ტესტი. თუ მას არ შეუძლია ამის გაკეთება, ის არ არის სიცოცხლისუნარიანი", - განაცხადა არესტოვიჩმა.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ ობიექტური მიზეზების გამო, უკრაინის თავდაცვის ძალებში მომზადების სისტემა სასურველ დონეზე ვერ არის.