logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის გამოცხადებით ყველა დანარჩენ პარტიას ცივი წყალი გადაესხა
- +

12 სექტემბერი. 2016. 18:11



უკვე ცნობილია ყველა პოლიტიკური პარტიის პროგრამა და სია, ხალხმა იცის, ვისა და ვის შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება! საუბარი ჟურნალისტ კოკა ყანდიაშვილთან სწორედ მოახლოებული არჩევნების თემით დავიწყეთ:


- „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის გამოცხადებით ყველა დანარჩენ პარტიას ცივი წყალი გადაესხა. მესმის მათი მწუხარება! დღეს „ქართული ოცნება" ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი პარტიაა! პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი პროგრამა არის ის რეალობა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობა ერთი წლის შემდეგ იცხოვრებს. აი, ნახავთ, მალე სხვა საქართველოს მივიღებთ - უფრო განვითარებულს, მობილურსა და თანამედროვეს!


- „ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან მეოთხე წელიც კარგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დღეს ბევრისგან მოისმენთ, „ქართულმა ოცნებამ" დანაპირები ვერ შეასრულაო...

 

- მათი ხელისუფლების უნიათობის შესახებ - რომ, თურმე, „ქართულმა ოცნებამ" დანაპირები ვერ შეასრულა, ხალხი გადააგდო და ათასი სხვა სისულელე - ნაციონალურმა მოძრაობამ პიარტექნოლოგიის მეშვეობით დაამკვიდრა. „ოცნებამ" მთავარი დაპირება შეასრულა - გაგვათავისუფლა იმ ფაშიზმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ერქვა! დაგავიწყდათ, ხალხო, სად ვიყავით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა?! სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა გირგვლიანი - დადგა „მშვიდობის ხიდი"! მოკლა ვაზაგაშვილი - დააგო ასფალტი! მოკლა რობაქიძე - ააშენა „პიაცა" და ა.შ. ამის შემდეგ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! ნახეთ ხაინდრავას ფილმი და გაიხსენეთ უახლოესი წარსული!


- როდესაც გოგა ხაინდრავას ფილმი ეკრანზე გამოჩნდა, სულ სხვა შეკითხვა დასვა ხალხმა - რატომ არ არიან დასჯილი დამნაშავეები?!

 

- გოგა ხაინდრავას ფილმის პერსონაჟთა პროტოტიპები დასჯილები არიან! ჩემი სიტყვების დასადასტურებლად შეგიძლიათ მიმართოთ პრობაციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს - ნახავთ, რამდენი ადამიანი იხდის დანაშაულისთვის სასჯელს. შსს-ს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოსა და ციხეების, პრაქტიკულად, ყველა თანამშრომელი ჩართული იყო სისტემურ დანაშაულში. შეუძლებელია ყველა დაითხოვო და დაიჭირო, თუმცა, რა თქმა უნდა, ბობოლა დამნაშავე ნაციონალებს პასუხი უნდა ეგოთ, ამაში „ქართული ოცნება" ცოდავს!


არ მესმის, როგორ შეიძლებოდა, მიხეილ სააკაშვილი არ დაგვეჭირა და გაგვესამართლებინა?! ციხეში არ ისხდნენ ბოკერია და თარგამაძე?! ამ ნაწილში „ქართული ოცნების" არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ.


- თქვენი აზრით, რატომ არა ზის მიხეილ სააკაშვილი დღეს ციხეში?

 

- როდესაც ბიძინა ივანიშვილთან ვმუშაობდი, მასთან ამ თემაზე მისაუბრია. არგუმენტად მოჰყავდა - ხელისუფლების ცვლა კუდიანებზე დევნად არ უნდა გადავაქციოთო. დღესაც იგივე შემიძლია გავუმეორო ბიძინა ივანიშვილსაც და თქვენც - ვერ ვეგუები ამ ამბავს. ნაციონალური მოძრაობის არსებობა უსამართლობაა! დღესაც რომ ფაფხურობენ და მიშა, თურმე, ღვინის დაწურვას კახეთში გეგმავს, ეს არის ხალხის დაცინვა, ერისა და ხალხის წინაშე დანაშაული! თურმე, ადრე სიმშვიდეში ცხოვრობდნენ დ დღეს შეწუხდნენ. ზურაბ ჟვანია რომ „გაიგუდა", გურამ შარაძე რომ ჩაცხრილეს, ვაზაგაშვილი, კრიალაშვილი, რობაქიძე, თეთრაძე, შავაძე, აფრასიძეები რომ გამოასალმეს სიცოცხლეს, მაშინ იყო სიმშვიდე და ახლა არ არის?! როგორ, გირგვლიანის დასახიჩრებულმა, გაყინულმა და გადაგდებულმა სხეულმა არ შეგაშფოთათ? 26 მაისს თავისუფლების მეტროსთან მაღაზიის სახურავზე შემოდებულმა გვამებმა არ შეგვაგრძნებინეს სამშობლო? 9 წლის მანძილზე, დღეგამოშვებით მკვდრები რომ გამოგყავდათ ციხეებიდან - დალურჯებული, სისხლიანი, ნაწამები სხეულები - იმას როგორ იტანდით?! ამის შემდეგ ქალბატონი ჩერგოლეიშვილი გამოდის და სიმშვიდეზე ლაპარაკობს. ნანა ალექსანდრიაც კი მეცოდება ასეთი რძლის ხელში!


- თუ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აქვთ მხარდაჭერა?! ფაქტია, ბობოლა ნაციონალები თავისუფლებით ტკბებიან, მეტიც, ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზიაც აქვთ...

 

- ორიოდე დღის წინათ, საქართველოში ვიზიტით მყოფმა NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ აქ არის არაჩვეულებრივი საარჩევნო გარემო, ყველა მიმართულებით არის მიღწევები და ისინი მოხარული არიან, რეგიონში ჩვენნაირი პარტნიორი რომ ჰყავთ. ამავე დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. რომელ სააკაშვილის მხარდაჭერაზეა ლაპარაკი?! ეს იგივეა, ბიძინა ივანიშვილმა რომ მისცეს მიხეილ სააკაშვილს ხმა. მთელი საერთაშორისო საზოგადოება ბედნიერია, რომ ეს ძინძგლიანი აღარ არის ქვეყნის პირველი პირი და სადღაც, რომელიღაც გუბერნიაში ნიფხვების მრეცხავია. აი, სულ ეგ არის დღეს მიხეილ სააკაშვილი!


- ანუ ფიქრობთ, რომ ნაციონალებს გამარჯვების შანსი არ აქვთ?

 

- ბარიერს, ალბათ, გადალახავენ, მაგრამ მთავარი ოპოზიციური ძალა ვეღარ იქნებიან! „ქართული ოცნება" რჩება ხელისუფლებაში! ნაციონალური მოძრაობა სამუდამოდ სამარდება, იშლება! ამ რეალობის წინაშე ვდგავართ. ნაციონალების მხარდამჭერები ამ წაგების შემდეგ განახევრდებიან. ჯერ ისედაც ორი კაციღა დარჩა და ხომ წარმოგიდგენიათ, ისიც რომ აღარ ეყოლებათ, უახლოესი ისტორიის განმავლობაში ოპოზიციას პირველად ეძლევა საშუალება, რეალური და ჯანსაღი ოპონირება გაუწიოს ხელისუფლებას.


კიდევ ერთხელ ვამბობ - შესაძლებელია, ნაციონალებმა პატარ-პატარა პროვოკაციები მოაწყონ, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის რეალური რესურსი არა აქვთ! საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები კარგად მუშაობენ. ყველანაირი მათი პროვოკაცია და მცდელობა კრახით დამთავრდება!


ხომ გამომჟღავნდება უკვე, რას წარმოადგენენ ბურჭულაძის გაერთიანება და ნათელაშვილი - ნაციონალური მოძრაობა ნომერი ორი!


მიუხედავად იმისა, რომ პაატა ბურჭულაძეს ლამის ბავშვობიდან ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, ის „გირჩებთან" და ვაშაძესთან ერთად,, ასევე, ნაციონალური მოძრაობა 2-ია. წარმოიდგინეთ, რა დონის კრიმინალები ჰყავს შეყვანილი პარტიაში, რომ ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფოსგან დაცვას ითხოვს?! შალვა ნათელაშვილისთვის და ბურჭულაძე-ვაშაძე-ჯაფარიძის გაერთიანებისთვის ხმის მიცემა იგივეა, ნაციონალურ მოძრაობას - სააკაშვილ-თარგამაძე-ბოკერიას მისცეთ ხმა. ეს საზოგადოების გასაგონად! რაც შეეხება ხელისუფლებას, ვეტყოდი - დაამთავრეთ ნაციონალური მოძრაობის პიარი საქართველოში!




ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner