თავრიდის მიმართულებით თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის სპიკერის, ალექსანდრ შტუპუნის განცხადებით, დასახლებულ პუნქტ მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება და მის სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"მარინკასთვის ბრძოლები გრძელდება. ახლა ჩვენი სამხედროები მარინკას ადმინისტრაციულ საზღვრებში არიან განლაგებული. მაგრამ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. მარინკას სრულად დაპყრობაზე საუბარი არაკორექტულია", - განაცხადა მან.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ დასახლებული პუნქტი მარინკა აიღეს.
"[დასახლებული პუნქტი] მარინკა, რომელიც [ქალაქ] დონეცკიდან 5 კილომეტრში მდებარეობს, დღეს სრულად გათავისუფლდა", - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე.
სერგეი შოიგუმ აღნიშნა, რომ "ტერიტორიის გათავისუფლება ამცირებს უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვით შესაძლებლობებს".