logo_geo
eng_logo
დღეს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა
- +

12 სექტემბერი. 2016. 18:51



დღეს ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღეა. 1907 წლის 12 სექტემბერს (ძვ.სტილით 30 აგვისტოს) წიწამური-საგურამოს გზაზე მოკლეს ადამიანი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში და მისი თანამედროვე ერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.


მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს, სოფელ ყვარელში დაიბადა.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.



საბანკო რეფორმა, ენის რეფორმა, განათლების რეფორმა, მოღვაწეობა სასამართლოში, გაზეთის დაარსება, საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის მოთხოვნა- არ არსებობდა ცხოვრების არცერთი სფერო, რომელშიც ილია ჭავჭავაძემ თავისი კვალი არ დატოვა და ხელი არ შეუწყო მათ მოდერნიზაციას და განვითარებას.



არტურ ლაისტი, რომელიც 1907 წლის 21 აგვისტომდე საგურამოში ილიასთან ერთად იყო, წერს: „დაღონებული იყო, ემდუროდა სხეულის სისუსტეს... შევნიშნე ენერგიის სისუსტე და სიფიცხე, წინანდებურად არ ლაპარაკობდა, ღიმილი მის სახეზე არ შემიმჩნევია, სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში ილია სევდასა და მოწყენილობას შეუპყრია. პეტერბურგიდან ჩამოსვლის შემდეგ პოეტი თითქმის სულ საგურამოში იმყოფებოდა. 9 სექტემბერს (ძვ. სტილით 27 აგვისტოს) საგურამოდან წამოსვლისას, დაუბარებია - დღესვე საღამოს დავბრუნდებიო. ამ დროს სოფელში დარჩენილა მოურავი ჯაში, რომელიც მკვლელობის გეგმას აზუსტებდა. იმ დღეს ჯაშმა ყველა ზომა მიიღო, უკან დაბრუნებისას ილია მოეკლათ, მაგრამ სამშაბათს და ოთხშაბათს ილია არ დაბრუნებულა, მაგრამ მკვლელებმა შეიტყვეს, რომ ილია ხუთშაბათს, 30 აგვისტოს ბრუნდებოდა, ჯაშმა კი ყველა ზომა მიიღო, მკვლელები ჩასაფრებულიყვნენ წიწამურის ტყეში, მზად დახვედროდნენ ეტლის გამოჩენას.



12 სექტემბერს, ხუთშაბათს დილის 10 საათზე ილია და მისი მეუღლე იმავე ეტლით, რომლითაც ლაისტთან ერთად სამი თვის წინ თბილისში ჩამოვიდნენ, საგურამოსკენ გაემგზავრნენ. დაახლოებით დღის პირველ საათზე ილია და მისი მეუღლე მისულან წიწამურის წყაროსთან, სადაც მოურავი ჯაში უნდა შეხვედროდათ. ჯაში კი განზრახ არ მისულა წყაროსთან, რომ მკვლელობაში უშუალოდ არ ჩარეულიყო. ილიას რამდენიმე წუთს მოუცდია, შემდეგ კი განაწყენებულს უბრძანებია თედო ლაბაურისთვის, ეტლი დაეძრა. ლაბაური მოსყიდული იყო. იცოდა, რომ 15 - 20 წუთის შემდეგ ილიას მოჰკლავდნენ.



ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.



ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია".


ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ."



„თუ საქართველოს სიკვდილი არ უწერია, მასთან ერთად შენც უკვდავი იქნები და თუ სიკვდილი უწერია... მაშინ ნეტავი შენ!..."- ეს სიტყვები წარმოთქვა აკაკი წერეთელმა ილიას დაკრძალვისას.



ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას - მთაწმინდაზე დაკრძალა.

1987 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner