ავტორი მარიამ პაიჭაძე
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი მარტვილსა და აბაშაში ოთარ დანელია „რეპორტიორთან" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლის შესრულებასაც მარტვილსა და აბაშაში გეგმავს.
„ჩემთვის ორივე მუნიციპალიტეტი არის თანაბრად პრიორიტეტული. ორივე მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან საინტერესო მიმართულებები. მათ შორის, საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სამრეწველო გადამუშავების კუთხით. ველოდებით დასკვნას, რომელსაც სპეციალისტები ამზადებენ რენტაბელობასა და სანედლეულო ბაზის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე მეღვინეობის კუთხით სერიოზულად გააქტიურდება რეგიონი, ვინაიდან ამ მიმართულებით გვაქვს რამდენიმე სერიოზული სიახლე, რომელსაც უკვე ღვინის ფესტივალზე 20 ოქტომბერს, ღვინის კვირეულის ფარგლებში გავაცნობთ საზოგადოებას.
მარტვილის კანიონი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ობიექტი. იქ არის ძალიან ბევრი კარგად შენახული „საიდუმლო", რომელიც დიდი პოტენციალის მატარებელია. გვაქვს ძალიან კარგად დაგეგმილი შესაბამის უწყებებთან ერთად, თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის განვითარება, როგორ შეიძლება, ხელი შევუწყოთ ტურიზმის განვითარებას. დიდი ინტერესია ინვესტორების მხრიდან.
თუ აქამდე ჩემთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი იყო, დღეიდან უკვე ყველა მიმართულება თანაბრად პრიორიტეტული ხდება და ამიტომ, ყურადღებას მივაქცევ მაქსიმალურად, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი შესრულდეს შესაბამის ვადებში. მაქსიმალურად გავაკონტროლებ ჩემი შესაძლებლობებისა და რესურსების ფარგლებში იმ პროექტებს, რომლებზეც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ მთავრობასა და ხელისუფლებას აქვს აღებული პასუხისმგებლობა, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი დროულად შესრულდეს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ორივე მუნიციპალიტეტს არა მხოლოდ ტურიზმის თვალსაზრისით, არამედ იმ მიმართულებებით, რომლებიც შეიძლება სამომავლოდ ამ მუნიციპალიტეტების ნიშად იქცეს", - აცხადებს ოთარ დანელია „რეპორტიორთან" საუბარში.