logo_geo
eng_logo
ელჩების კონფერენციის წინაშე გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევებზე ისაუბრა
- +

26 დეკემბერი. 2023. 14:47

 

 

2023 წლის 26 დეკემბერს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2023: საქართველო - ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ გაიხსნა. კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.

 

თავისი გამოსვლა მინისტრმა 2023 წელს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევაზე - ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრით დაიწყო. მან ყურადღება გაამახვილა ამ გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, გამოწვევებით სავსე საერთაშორისო გამოწვევების ფონზე და მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს იმ წვლილისთვის, რომელიც მათ  საერთო საქმის წარმატებაში შეიტანეს. ამ კონტექსტში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა მმართველი გუნდის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევა.

 

კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად მივაღწევთ მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილებას.“ - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

 

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია ქვეყნის, მისი მიღწევების, გლობალური როლისა და შესაძლებლობების აქტიური და განახლებული ენერგიით პოზიციონირება.

 

ჩვენ ევროპასთან განსაკუთრებული, ცივილიზაციური კავშირები გვაქვს და ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. წელს, განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში," - აღნიშნა მინისტრმა.

 

გარდა ევროპული ინტეგრაციისა, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სხვა პრიორიტეტებზეც.

 

"გლობალიზაციის პირობებში, საქართველოს ინტერესების დასაცავად, განვაგრძობთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოებთან. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობებს  ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას. მიმდინარე წელი, არანაკლებ წარმატებული იყო თანამშრომლობის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით ჩვენს მეზობელ  ქვეყნებთან და ხაზგასასმელია საქართველოს მზარდი როლი მშვიდობის ჩამოყალიბების და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის საქმეში.

 

არ შეიძლება არ გამოვყოთ მრავალმხრივი დიპლომატიის მნიშვნელობა და საანგარიშო წელს საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორც საქართველოსათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ჩვენი ქვეყნის აქტიური პოზიციონირება მსოფლიოსთვის აქტუალურ საკითხებზე,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

მისასალმებელ სიტყვაში ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2023 წლის განმავლობაში გადადგმული ყველა  წარმატებული ნაბიჯი ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს - უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის უსაფრთხოება და მშვიდობა,  შეუქცევადი გახდეს განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევა.

 

ამავე დროს, ეს ყოველივე არასრულფასოვანი იქნება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებდით მუშაობას მთავარი პრიორიტეტის, მშვიდობიანი გზით, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინსვლა სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებაში,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

„ელჩების კონფერენცია 2023“-ის ფარგლებში, მისი მონაწილეები შეაფასებენ მიმდინარე წლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ მიღწევებს  და იმსჯელებენ მომავალი წლის სამოქმედო გეგმაზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner