ავტორი ანა ნონიკაშვილი
ცესკო-ს გადაწყვეტილებით, საარჩევნო ბლოკს „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა. ამასტან დაკავშირებით პარტია „ჩვენი სამშობლოს" თავმჯდომარე ზვიად ჩიტიშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა და განაცხადა, რომ სჯერა, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენი პარტიის გარშემო NDI-ს და IRI-ს მხრიდან არის დიდი ინტერესი. ჩვენ წარმოვადგინეთ რეალური პროგრამა, რომელიც ხალხს მოსწონს. ეს იწვევს სწორედ დაინტერესებას, რომ ჩვენმა პარტიამ არ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
თავისი გადაწყვეტილებით ქალბატონმა თამარ ჟვანიამ იძულებული გაგვხადა, რომ მივმართოთ სასამართლოს. როდესაც შიმშილობა გამოვაცხადეთ, ჩვენი ერთი თანაგუნდელი, ნინო კვირიკაძე ცუდად გახდა. ჟვანიამ კი სანახავად ჩამოსვლაც არ იკადრა.
მჯერა, რომ გვყავს ნამდვილი მოსამართლეები, რომლებიც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას, რა მოხდება შემდეგ, დრო გვიჩვენებს",- განაცხადა ჩიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბლოკმა „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" ცესკო-ს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და ბლოკის აღდგენა მოითხოვა.