„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ მიუღებელი კანონითაც კი საქართველოს მტრების ისეთი არმია მივიღეთ, რომ ფაქტობრივად მათი არაფორმალური რეესტრი უკვე შედგენილია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ პოლიტიკაში საკომუნიკაციო სტილი შეცვლა და ისეთ პოლიტიკოსებსაც კი დაუსვა მათთვის უხერხული კითხვები, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. ამან კი საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო პარტნიორების აშკარა პატივისცემა გამოიწვია.
„ხალხის ძალამ“ ურთიერთობების, კომუნიკაციის ის თამასა დააწესა, რომლითაც, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი თუ მოქმედი პოლიტიკოსიც არ უნდა იყოს, თუ მას საქართველოსთან მიმართებით რამე ეშლება, შესაძლებელი გახდა, რომ ველაპარაკოთ სიმართლის ენაზე და თუნდაც მისთვის უხერხული კითხვები დავუსვათ. ამ თამასამ იმუშავა და, ჩემდა სამწუხაროდ, საქართველოდან სამარცხვინო პოზიციებით წაიყვანა აშშ-ისა და ევროკავშირის ყოფილი ელჩები. მეორე მხრივ კი, ამ თამასის შედეგად, მათი შემცვლელები პარტნიორულ, მეგობრულ როლს ინარჩუნებენ, რაც როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირსაც და აშშ-საც წაადგა (ტყუილად კი არ დაასახელა პრემიერ-მინისტრმა კანდიდატის სტატუსის მიღებაში კონკრეტული ამერიკელი მოქმედი ჩინოვნიკის კეთილგანწყობა).
ასევე, მიუხედავად იმისა, რომ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონი არასწორად იქნა აღქმული და ყველამ დავინახეთ, თუ როგორ დაარქვეს მას „რუსული“, ამ კანონმა მიღების გარეშეც გააშიშვლა საქართველოს წინააღმდეგ მტრულად განწყობილი ელემენტები, რომლებიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ევროკავშირში, კონკრეტული ელჩების სახით და ა.შ. აღმოვაჩინეთ. საქართველოს პრეზიდენტიც კი გაება ამ ხაფანგში და ბარიკადის საპირისპირო მხარეს დადგა. ამ მიუღებელი კანონითაც კი საქართველოს მტრების ისეთი არმია მივიღეთ, რომ ფაქტობრივად მათი არაფორმალური რეესტრი უკვე შედგენილია. უკვე ვიცით, რამე რომ იყოს, ვინ რა დოზის ზიანს მიაყენებს ქვეყანას. ამავდროულად, უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონს ევროკავშირი მიიღებს და ის აუცილებლად იპოვის თავის კუთვნილ ადგილს ქართულ კანონმდებლობაშიც“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.