ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საზოგადოებაში ქართული ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია მიმდინარეობს როგორც განათლების მიმართულებით, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიების კუთხით.
“ჩვენ დავაწესეთ ახალი ინიციატივით „ჯარის ბანაკები“, შევედით სკოლებში საგნით „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ძალიან საინტერესო და პოპულარულია აღნიშნული მიმართულება. მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს როგორც საზაფხულო ბანაკების შემთხვევაში, ასევე, სკოლებში. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა სკოლას მოვიცავთ წელს ან მაქსიმუმ მომავალ წელს, სადაც ჩავატარებთ აღნიშნულ საგნებს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ქართული ჯარის პოპულარიზაცია მიზნად ისახავს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპის დამსხვრევას, თითქოს ჯარში მსახური ცუდია: “საზოგადოებაში არსებულ კომუნისტურ და საბჭოთა სტერეოტიპს, რომ ჯარი არის ცუდი, ჩვენ რამდენიმე წელიწადში აბსოლუტურად შევცვლით და ეს აზროვნება აღარ იარსებებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში”.