საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი
ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური რეაბილიტაცია გრძელდება.
13 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიხეილ შენგელიას სახელობის მედიცინის ისტორიის მუზეუმს ეწვევა; შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წელს დაიწყო და 2016 წლის სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, სრულად გარემონტდა შენობის მეორე სართული, მთლიანად გამოიცვალა სახურავი, გამაგრდა კონსტრუქციის თაღები და მოეწყო საცავი; ამ დროისათვის მიმდინარეობს შენობის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები; (აღნიშნული სამუშაოები კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება).
მედიცინის ისტორიის მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურის სამინისტრომ ორასი ათას ლარზე მეტი გამოყო.