logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანმა სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი მოინახულა
- +

27 დეკემბერი. 2023. 11:16

 

 

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი მოინახულეს და V-VI საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკის მდგომარეობას გაეცნენ.

 

2021 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის სახურავი შეკეთდა, რის შემდეგ ინტერიერში წყლის ინფილტრაცია შეწყდა, რაც დღევანდელი ვიზიტისასაც დადასტურდა. სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავებული, სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი ითვალისწინებდა ეკლესიის სახურავის დაზიანებულ ადგილებში, კერძოდ, მთავარი ნავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და დასავლეთ მინაშენის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სპილენძის დაზიანებული საბურველის შეცვლას. ტაძრის გადახურვის სამუშაოები შპს „კირითხურომ“ შეასრულა.

 

მინისტრმა თავის მოადგილესთან, სოფელ სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის დეკანოზ ანდრია მელიასთან, სოფელ გეზათის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარ პეტრე ლაბარტყავასთან, აბაშის მერ გიგა გაბელაიასა და სოფელ სეფიეთის გამგებელ ამირან ნადარეიშვილთან ერთად იმსჯელა ტაძრის მდგომარეობასა და დარჩენილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობებზე.

 

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც V-VI საუკუნეებში აიგო, რამდენჯერმე გადააკეთეს XIV-XVII საუკუნეებში და მოხატეს XVII საუკუნეში. ტაძარი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სამნავიანი ბაზილიკაა დასავლეთ საქართველოში, ცილინდრული ფორმის შვერილი აფსიდით, რომელიც ნაგებია შერეული წყობით.

 

ტაძარს 2006 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner