„თუ გვინდა ქვეყნის სტაბილურობა, პოლარიზაციის დასრულება, ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდების მოსვლა პოლიტიკაში, „ნაცმოძრაობამ“ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იქნება საუკეთესო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებისთვის.
ფოჩხუას თქმით, ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მსგავსი ქმედება.
„სამართალი ურმით დადისო, ნათქვამია, მაგრამ აუცილებლად დადგება. არ დააფასა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კოჰაბიტაცია, არ ჩადგა ქვეყნის სამსახურში, ისევ იმ ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, რითაც მართავდა, აუბედურებდა ქვეყანას და საკუთარ ხალხს 2003 წლიდან, ამიტომ თუ გვინდა ქვეყნის სტაბილურობა, პოლარიზაციის დასრულება, ქვეყნის მოყვარული ახალგაზრდების მოსვლა პოლიტიკაში, „ნაცმოძრაობამ“ უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე. ეს იქნება მაგალითი იმისა, რომ მომავალში ვერავინ გაბედოს მსგავსი ქმედება. რაც შეეხება „ხალხის ძალას“, დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივაც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც მათი ჩართულობა ქვეყნის ომის აცილების საქმეში“, - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.