ბალდის კანიონის პროექტმა ტურიზმის სფეროს წამყვან კომპანიებსა და ამ სექტორში მომუშავე ორგანიზაციებში დიდი ინტერესი გამოიწვია. სპეციალისტები აღნიშნული პროექტის პერსპექტივას ხედავენ და მიაჩნიათ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ სამეგრელოს რეგიონს, კონკრეტულ სოფლებს და იქ მცხოვრებ მოსახლეობას სერიოზული სარგებლის მიღება შეეძლებათ.
ფოტოხელოვან გოგა ჩანადირის მოსაზრებით, ეს პროექტი, ტურისტების მოზიდვის გარდა, ადგილობრივებს სოფლად დარჩენასა და ადგილზე დასაქმებაში შეუწყობს ხელს.
„ბალდის ხეობა ბუნებრივად არის მიზიდულობის ცენტრი, როგორც გარემოს, ასევე, ტურიზმის თვალსაზრისით. ახლა მთავარია, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც გახდეს მიმზიდველი ადგილი. აქ ტურისტების მოზიდვა ნიშნავს მხარის განვითარებას, მეტ ტურისტს და რაც მთავარია, სოფლის შენარჩუნებას. ადამიანები აღარ იფიქრებენ გაქცევაზე, რადგან ისინი თავად გახდებიან ტურიზმის ნაწილი და ექნებათ შემოსავალი.
მე მომწონს, რომ ბუნების მიმართ ინტერესი მთელ მსოფლიოში იზრდება. შესაბამისად, ეს პროექტი ახალი ტურისტების ჩამოსვლას გამოიწვევს. შესაძლოა, ვიზიტორი კონკრეტულად ბალდის ხეობის გამოც ჩამოვიდეს საქართველოში. მე პირადად არაერთხელ ვყოფილვარ ამა თუ იმ ქვეყანაში კონკრეტული ერთი სანახაობის გამო“, - განაცხადა გოგა ჩანადირმა.
როგორც ხელოვანმა აღნიშნა, პროექტი ბალდის კანიონის სრულყოფილად დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, მხარი უნდა დავუჭიროთ ამ იდეის განვითარებას. ძალიან გამიხარდება, რაც შეიძლება მალე გაიხსნას ეს ადგილი ტურისტებისთვის. როგორც ფოტოგრაფს, ყოველთვის მრჩებოდა დაუკმაყოფილებლობის განცდა, რადგან ბოლომდე ვერ ვნახულობდი. დღეს კი პროექტი იძლევა საშუალებას, უკვე სხვანაირად შეხედო ბალდის ხეობას“, - განმარტა გოგა ჩანადირმა.
შეგახსენებთ, რომ ბალდის კანიონის პროექტზე კომპანია „კანიონი 350“ მუშაობს. კომპანიას ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილი - 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთი იჯარით, კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, კომპანიამ აიღო ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოაწყოს 400 მეტრის სიგრძის ვიწრო საფეხმავლო ბილიკი და 370 მეტრზე როლერის ატრაქცია, რაც ასეთი ტიპის პირველი ატრაქციაა საქართველოში, თუმცა, ის აპრობირებული და პოპულარულია მსოფლიოს მასშტაბით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელებული პირველი პროექტი საქართველოში, სადაც შშმ პირები თავისუფლად შეძლებენ ისარგებლონ ადგილზე მოწყობილი ინფრასტრუქტურით, როგორც ბილიკებით, ასევე როლერის ატრაქციით.
პროექტის დასრულების შემდეგ იქ მისული დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო.