logo_geo
eng_logo
ნათია მერებაშვილი: საინფორმაციო კამპანიამ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა
- +

27 დეკემბერი. 2023. 17:43

 

 

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის  მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

„2015 წლიდან საქართველოს პროკურატურაში მუდმივად ხორციელდება ღონისძიებები, რომელთა მიზანია პროკურორებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება,  გამკლავება და ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“ - განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

 

გენერალური პროკურორის მოადგილის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროკურატურის რეგიონული დანაყოფების პროკურორებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი ნაფიც  მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე.

 

ნათია მერებაშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ამ მიმართულებით ღონისძიებები გრძელდება.

 

მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის ცნობადობისა და საზოგადოების დამოკიდებულებების შეცვლის მიზნით, გრძელდება საინფორმაციო კამპანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ, რომელიც მოიცავს, მათ შორის, შეხვედრებს მოქალაქეთა სხვადასხვა სეგმენტთან, სტუდენტებთან და ასე შემდეგ. კამპანიამ, რომელიც დაიწყო 2021 წელს, უკვე გამოიღო გარკვეული შედეგი და ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესის ეფექტიანობა და დროულობა მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული თბილისის საქალაქო სასამართლოში - გამოცხადებული მოქალაქეების რაოდენობა გასამმაგებულია“- აღნიშნა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

 

საპროკურორო საბჭოსთვის ანგარიშის წარდგენისას ნათია მერებაშვილმა სტატისტიკურ მონაცემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ  2023 წლის 9  თვეში  12 სისხლის სამართლის საქმე განიხილა, რომელთაგან 9 განზრახ მკვლელობას  ან/და განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში; 1   თავისუფლების უკანონო აღკვეთას და დამამცირებელ მოპყრობას; 1  - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია 1  კი -  ოჯახში ძალადობას შეეხებოდა.   12 საქმიდან 11 საქმეზე  გამამტყუნებელი, ხოლო ოჯახში მომხდარი ძალადობის 1 საქმეზე  გამამართლებელი განაჩენი დადგა.

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიში მოისმინეს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner