"საჯარო ინფრასტრუქტურის განახლებაზე მიმართული იქნება სასტარტო ბიუჯეტის 16,7%, რაც 6 315 000 ლარს შეადგენს" - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
„ოზურგეთში მიმდინარე მასშტაბური პროექტების პარალელურად, ვიწყებთ ახალი პროექტების განხორციელებას, რომლის ნაწილიც უკვე დაანონსებულია. ლიხაურში კვაჭალათის უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; კონჭკათი-ორმეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში, გორკის ქუჩის რეაბილიტაცია; ნატანებში ჯაფარაულა-ახალშენის გზის რეაბილიტაცია; ქალაქ ოზურგეთში სუბტროპიკების ქუჩის რეაბილიტაცია; დვაბზუ-ნასაკირალის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ბაილეთი-ჭანიეთურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ღირსეული და უსაფრთხო საცხოვრისი - შემოქმედში ე.წ. ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები მოსახლეობისათვის გვაქვს სიახლეები - წლების განმავლობაში არსებული პრობლემის გადაჭრა დაიწყო - საქართველოს პრემიერ- მინისტრის მხარდაჭერით, 2024 წლის თებერვლის თვეში დასრულდება მოსახლეობის განსახლებისათვის ფინანსური დახმარების გაცემა. ამ ოჯახებს მალე ექნებათ უსაფრთხო, ღირსეული საცხოვრებელი პირობები,“- განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით ასევე დაიწყო 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ. კერძოდ: საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ოჯახებს, რომელთაც სტიქიამ საცხოვრისი დაუნგრია და არ აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, კომპენსაცია გადაეცემათ 50 000 ლარის ოდენობით; იმ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც საკუთრებაში აქვთ ან სტიქიის მომენტისთვის ჰქონდათ რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, გადაეცემათ კომპენსაცია 30 000 ლარის ოდენობით. დაზარალებულ ოჯახებზე გაცემული კომპენსაცია არ გახდება სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმების საფუძველი.
„ამ ეტაპზე, 152-მა ოჯახმა უკვე შეძლო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც გადაიგზავნა კომპენსაციის განაცხადთან ერთად და მათ მიიღეს სათანადო კომპენსაცია. პროცესი რა თქმა უნდა გრძელდება და მზად ვართ დამატებითი კონსულტაცია გავუწიოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ არცერთი დაზარალებული ოჯახი არ დარჩებს ყურადღების გარეშე“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
როგორც მერმა სხდომაზე განაცხადა ქალაქის იერსახის განახლების მიზნით დაწყებული პროექტი „street art” მომავალ წელსაც გაგრძელდება. არაერთ ლოკაციაზე შესრულდა გრაფიკული ნახატები, რომელმაც ქალაქი და სოფლები გაალამაზა. ამ პროექტს საზოგადოების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურებაც მოჰყვა.