"შეიძლება იყო ოპოზიციის წარმომადგენელი და გვქონდეს განსხვავებულია აზრები, მაგრამ როდესაც საუბარია საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ მათ აქვთ სხვა ინტერესი. ისინი [რადიკალური ოპოზიცია] იმართებიან გლობალური ომის პარტიისგან," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსები და პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
„არიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომელთაც სურდათ, რომ ქვეყანას სტატუსი მიეღო, თუმცა იყვნენ ისეთები რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო. ეს იყო ქვეყნის შიგნით, საბოტაჟით თუ ქვეყნის გარეთ; იგივე ბრიუსელში ჩასვლა, შეხვედრები მაღალი თანამდებობის პირებთან და მათთან საუბარი, რომ როგორმე ქვეყანას სტატუსი არ მიეღო და ეს ყველაფერი გამოყენებული ყოფილიყო ხელისუფლების წინააღმდეგ. შეიძლება იყო ოპოზიციის წარმომადგენელი და გვქონდეს განსხვავებული აზრები, მაგრამ როდესაც საუბარია საგარეო პოლიტიკაზე და ქვეყნის ევროინტეგრაციაზე, ყველა უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ მათ აქვთ სხვა ინტერესი. ისინი იმართებიან გლობალური ომის პარტიისგან, მათ აქვთ თავიანთი მიზანი, ინტერესები და ეს არ არის საქართველოს ინტერესები. ასევე უნდა დავამატოთ ის მესიჯები, რომელიც მოდიოდა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან. არ მინდა გავიხსენო სათითაოდ რა სიბინძურეებს კადრულობდნენ და რას გვეუბნებოდნენ, რომ კანდიდატის სტატუსსა და სააკაშვილის გათავისუფლებას შორის ტოლობის ნიშანს სვამდნენ. აბსოლუტურად გაუგებარია, როდესაც გეუბნებიან თეთრზე შავს. ჩვენ საკუთარ ქვეყანას ვიცავდით, ჩვენი შვილების მომავალს ვიცავდით და დღეს რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, არის იმ პოლიტიკის და თანმიმდევრულობის შედეგი, რომელიც ქართულ ოცნეაბს ჰქონდა მოყოლებული 2012 წლიდან დღემდე“, - განაცხადა კალაძემ.