"ნამდვილად მასშტაბური სამუშაოები ტარდება მუნიციპალიტეტის მხრიდან, უამრავი გამოწვევა და პრობლემაა დედაქალაქში, მაგრამ არ ვუშინდებით ამ გამოწვევებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სადაც შევდივართ სამუშოებით, პირველ რიგში მოწესრიგდეს კომუნიკაციები, რომლებიც უმძიმეს მდგომარეობაშია," - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
მისი თქმით, თბილისი მუდმივად საჭიროებს რეფორმებს, განახლებას, ამიტომ ძალიან ბევრი სამუშაო და ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.
„ამას გარკვეულწილად დისკომფორტიც ახლავს, იმიტომ რომ სჭირდება დრო, გადაადგილების თვალსაზრისით იქმნება პრობლემები, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია. მე მგონია, რომ ჩემი ქალაქის მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა იმიტომ მქონდა, რომ რაღაც ვაკეთო და შევცვალო. თუ გვინდოდა ისეთი თბილისი, როგორიც 2017 წლამდე იყო, მაშინ არაფერს გავაკეთებდით, კაბინეტიდან არ გამოვიდოდით. ხალხს ცვლილებები, რეფორმები, სიახლეები უნდოდა. უამრავი სამუშაო ტარდება, უამრავი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება - პარკები, სკვერები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, განახლება, სიახლეების შემოტანა. სხვანაირად შეუძლებელია, თბილისი ცოცხალი ქალაქია, მუდმივად საჭიროებს რეფორმებს, განახლებას, სიახლეებს. ქალაქი იზრდება, ფართოვდება და შესაბამისად ჩვენი მხრიდან საჭიროა უფრო მეტი პროექტის განხორციელება, უფრო მეტი თანხაა საჭირო, რომ დაიხარჯოს სხვადასხვა მიმართულებით. მგონია, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წელი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, კარგად ჩანს, როგორი იყო 2017 წლის თბილისი და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა. თუმცა, არავინ მინდა იფიქროს, რომ ჩვენ გვგონია, რომ ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებულია. არა, მეგობრებო, ყველა პრობლემა ვიცით, ყველა დეტალი ვიცით რა უჭირს ქალაქს, რა უნდა შეიცვალოს, რა უნდა მოწესრიგდეს, რა რეფორმები უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა კალაძემ.