"2017 წლიდან რამდენიმე პროექტი წამოვიწყეთ, რომლებიც მართლა ძალიან მაგარია და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამდენი გახარებული და ბედნიერი ოჯახი გვყავს," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ბევრი პრობლემა იყო. ეს იყო სამშენებლო კომპანიების მხრიდან დაზარალებული ოჯახები. ადამიანები შეგუებულები იყვნენ, რომ თანხები, რაც გადაიხადეს, დაკარგული იყო. ზოგი ემიგრაციაში წავიდა, წვალობს, შრომობს, რომ ოჯახის წევრებს ჭერი ჰქონდეთ. დაახლოებით 15 000-მდე ადამიანი დაკმაყოფილდა ამ მიმართულებით. ეს პროექტი სხვადასხვა ეტაპზეა. ზოგი შენდება. მეორე მნიშვნელოვანი თემა კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულები, დაახლოებით 3000-ზე ოჯახზეა საუბარი, 2400-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილდა. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და შემოვიტანეთ პროგრამა, რომლის საშუალებითაც ამ ადამიანებს ვაკმაყოფილებთ. რა არის ამაზე დიდი ბედნიერება, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს რომ ხედავ. ასევეა ავარიული კორპუსები, რომლებიც ქალაქში სამწუხაროდ, ძალიან ბევრია - 10 000-მდე ასეთი შენობაა. დავდეთ პროექტი, რომლითაც შესაძლებელია ეტაპობრივი ჩანაცვლება. დავიწყეთ ასევე დაკანონების პროგრამა - 3000-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები, სადაც ათეული წლებია ცხოვრობენ. ეს დამოკიდებულება გვექნება მომავალშიც. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ღმერთმა მომცა შესაძლებლობა, ვემსახურო ჩემს ქვეყანასა და ხალხს“, -აღნიშნა კალაძემ.