logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საბოლოო ჯამში მგონი ყველამ დაინახა, რომ ჩვენი მხრიდან უსამართლობის გაკრიტიკება, რაც ევროპარლამენტარებისგან მოდიოდა, ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს - კანდიდატის სტატუსის მიღებას
- +

29 დეკემბერი. 2023. 00:06

"საბოლოო ჯამში დღეს მგონი ყველამ დაინახა, რომ ჩვენი მხრიდან ევროპარლამენტარების გაკრიტიკება, ოპონირება, იმ უსამართლობის გაკრიტიკება, რაც იქიდან მოდიოდა, ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს - კანდიდატის სტატუსის მიღებას," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში განაცხადა.

 

 

კობახიძემ იმ პროცესებზე ისაუბრა, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებისთვის მუშაობას თან ახლდა.

 

 

„ჩვენ სწორად ვიმოქმედეთ. რაც მთავარია, ვაჩვენეთ ღირსება და ეს იყო პოლიტიკური თვალსაზრისით გადამწყვეტი. იყო უამრავი უსამართლობა. სამი სხვადასხვა რეზოლუცია მიიღეს ევროპარლამენტში, აბსოლუტურად უსამართლო, სადაც ეწერა, რომ დამნაშავეები უნდა გათავისუფლდნენ, ბიძინა ივანიშვილი უნდა დაისაჯოს. ამ ხარისხის უსამართლობაზეა საუბარი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვაჩვენეთ ღირსეული დამოკიდებულება საკითხისადმი და ბოლომდე დავიცავით სამართლიანობა და სიმართლე. ამ პრინციპულობამ გამოიღო თავისი შედეგი. საზოგადოებამ გაიგო ყველაფერთან ერთად სიმართლე. მარტივი არ იყო ჩვენი მხრიდან სიმართლის ლაპარაკი იგივე რეზოლუციებთან დაკავშირებით. გამოდის 400 ევროპარლამენტარი და რაღაცას ამბობს, რაც არ უნდა უსამართლობა იყოს, იქ ოპონირება რა თქმა უნდა რთულია. შეიძლება საზოგადოებაც ამ ოპონირებას სხვანაირად აღიქვამდა. საბოლოო ჯამში დღეს მგონი ყველამ დაინახა, რომ ჩვენი მხრიდან ევროპარლამენტარების გაკრიტიკება, ოპონირება, იმ უსამართლობის გაკრიტიკება, რაც იქიდან მოდიოდა, ემსახურებოდა ერთ მთავარ მიზანს - კანდიდატის სტატუსის მიღებას. სწორედ იმის გამო, რომ უსამართლობას ვუპირისპირებდით ჩვენს მყარ პოზიციას, ვავლენდით პრინციპულობას ყველა ეტაპზე, ამან მოიტანა საბოლოო ჯამში ის წარმატება, რაც მიიღო ჩვენმა ქვეყანამ“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, „ხალხის ძალამ“ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ საზოგადოებას სიმართლე გაეგო.

 

 

„საზოგადოება იგებდა სიმართლეს და იყო უფრო მეტად გაძლიერებული იმ პოზიციებში, რომელიც იყო დასაცავი. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა „ხალხის ძალამ“. თავიდან ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ჩვენც გვქონდა ეს სკეპტიკური დამოკიდებულება, თუმცა საბოლოო ჯამში, ამ ადამიანებმა საზოგადოებას უთხრეს სიმართლე ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თავის დროზე ამაზე კომენტარის გაკეთებაც გვიჭირდა, მაგრამ წერილები ქვეყნდებოდა ხშირად მათი მხრიდან. რაც იყო იმ წერილებში ნათქვამი, თითოეული წინადადება იყო სიმართლე. მაშინ გვიჭირდა ამაზე საუბარი, თუმცა დღეს განსხვავებული ვითარებაა. კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. გარკვეული ადამიანები, რომლებიც ღიად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გარკვეულ პროცესებში, აღარ არიან დღეს საქართველოში, მათ შორის დიპლომატებსაც ვგულისხმობ. დღეს რადიკალურად არის შეცვლილი ვითარება ყველა მიმართულებით, ამიტომ უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ წარსულზე, რომელიც გამოვიარეთ, რომელიც იყო რთული, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა სირთულე გადავლახეთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner