"ჩვენ ვაცხადებდით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, პოლარიზაციის ხარისხს შეამცირებდა და რეალურად ეს ასე არის, ასე იქნება," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ერთადერთი მიზნით იყენებდა ოპოზიცია, ეს იყო პოლარიზაციის რამენაირად გაღვივება ქვეყანაში.
„თითქმის ორი წლის განმავლობაში ამ თემას რადიკალური ოპოზიცია იყენებდა პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებისთვის. ეს იყო მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელში. მთელი პოლიტიკური დისკუსია აგებული იყო კანდიდატის სტატუსზე, არც ეკონომიკა, არც სოციალური საკითხები, არც ინფრასტრუქტურა, არაფერი არ აინტერესებდათ საერთოდ. მთავარი თემა იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ერთადერთი მიზნით იყენებდნენ, ეს იყო პოლარიზაციის რამენაირად გაღვივება ქვეყანაში. ეს ინსტრუმენტი, რომელსაც 2 წელი იყენებდნენ, გამოეცალათ ხელიდან და პირიქით, ბუმერანგივით უკან დაუბრუნდათ ინსტრუმენტი, რომელიც მათი მხრიდან მოაზრებული იყო იარაღად სახელმწიფოსა და ხელისუფლების წინააღმდეგ. შესაბამისად, საარჩევნო პროცესები წარიმართება უფრო მშვიდ გარემოში, ვიდრე ეს შეიძლება ყოფილიყო სხვა ვითარებაში, კანდიდატის სტატუსის არ მონიჭების პირობებში. რა თქმა უნდა, ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.