"სერბეთსა და მონტენეგროს დაახლოებით 12-14 წელია მიღებული აქვთ კანდიდატის სტატუსი და ჯერ არ განიხილება გაწევრიანების თარიღი. ეს არის დღევანდელი პრაქტიკა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ უფრო სწრაფად შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „იმედი Live“-ში განაცხადა.
„რაც შეეხება გაწევრიანებას, მოლაპარაკების გახსნას და ა.შ. ჩვენ ვიცით როგორია საერთაშორისო პრაქტიკა. დღეს ყველაზე წინ წაწეული, ევროინტეგრაციის კუთხით კანდიდატი ქვეყნებიდან არის ორი სახელმწიფო, ეს არის სერბეთი და მონტენეგრო. დაახლოებით 12-14 წელია მიღებული აქვთ კანდიდატის სტატუსი და ჯერ არ განიხილება გაწევრიანების თარიღი. ეს არის დღევანდელი პრაქტიკა. ჩვენ ამის მიუხედავად, მაინც ვფიქრობთ, რომ უფრო სწრაფად შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გამომდინარე იმ პროგრესიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწინავე მთელს რეგიონში. არ ვგულისხმობ მხოლოდ უკრაინას და მოლდოვას და არც მხოლოდ ბოსნიას. აქ ვგულისხმობ მათ შორის სერბეთს, მონტენეგროს, ბალკანეთის სივრცის სახელმწიფოებს. ყველა სახელმწიფოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყანა ბევრად წინ წასულია ყველა მიმართულებით - დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა და ა.შ. რაც შეეხება ასოცირების დღის წესრიგს, ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ უახლოეს წლებში დასრულდეს საბოლოო ჯამში ჰარმონიზაცია. ვფიქრობთ, რომ სადღაც 4-5 წელიწადში ვიქნებით მზად იმისათვის, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს. დანარჩენი ეს უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების საქმე“, - აღნიშნა კობახიძემ.