"ჩვენი მონაცემები დღეს უპრეცედენტოა, ასეთი მაღალი რეიტინგი არ გვქონია არასდროს 2012 წლიდან მოყოლებული," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, პარლამენტში მხოლოდ ორი პარტია შევა.
„ჩვენ მუდმივად ვამოწმებთ რეიტინგებს, მათ შორის ბოლო კვლევა მას შემდეგ ჩავატარეთ, რაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ზრდა დაფიქსირდა ბოლო კვლევასთან შედარებით დეკემბრის ბოლოს. ჩვენი მონაცემები დღეს უპრეცედენტოა, ასეთი მაღალი რეიტინგი არ გვქონია არასდროს 2012 წლიდან მოყოლებული. 60 პროცენტამდეა ასული ე.წ. ალოკაციით ჩვენი მონაცემები. რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ 20 პროცენტზე ქვევითაა ეს პარტია, რაც შეეხებათ სხვა პარტიებს, ისინი ვერ ლახავენ ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. დღეს რომ არჩევნები იყოს გარანტირებულად ორი პარტია შევა პარლამენტში, რაც საბოლოო ჯამში არსებითად სურათს არ ცვლის. მესამე პარტია რომ შევიდეს, მაინც ორი პარტია იქნება პარლამენტში. რა განსხვავებაა „ლელო“ შევა, „გირჩი“ თუ რომელიმე სხვა? ისიც კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“. წინა არჩევნების დროს რეალურად 8 პარტია შევიდა პარლამენტში, ერთ-ერთი იყო „გირჩი“ და „მოქალაქეები“, ჯამში 6 დეპუტატი, კიდევ „ევროპელი სოციალისტების“ 4 დეპუტატი, დანარჩენი კი ერთი პარტია იყო. ყველა ერთად „ნაცმოძრაობა“ ვაშაძე, „ლელო“, გახარია, აბსოლუტურად ყველა ერთად იყო „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არავითარი განსხვავება მათ შორის არ იყო. ასეც და ისეც, სულ რომ თეორიულად მესამე სუბიექტი შევიდეს, ესეც იქნება ამ მეორე პარტიის გაგრძელება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.